შაბათი, 20.04.2024, 06:00
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
.
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
200
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 ბლოგი
მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » ფროიდი და კარლ გუსტავ იუნგი
20:22
ფროიდი და კარლ გუსტავ იუნგი

მხატვრული შემოქმედების პრობლემას ესთეტიკაში მე–20 საუკუნემდე , ფაქტიურად პერიფერიული და, ამდენად, უმნიშვნელო ადგილი ეკავა. მე–20 საუკუნის დასაწყისიდან კი განსაკუთრებული ინტერესის საგანი ხდება. მეტიც მან ესთეტიკის ყველაზე პრინციპული მნიშვნელობის მქონე საკითხების რიგში გადმოინაცვლა და ამ მეცნიერების ეთ–ერთ წამყვან პრობლემად იქცა. ის დიდი გავლენა, რომელიც მეოცე საუკუნიდან ზიგმუნდ ფროიდსდა მის მიმდევრებს აქვთ მხატვრულ კულტურასა და ესთეტიკურ თეორიაზე ტრანსფორმაციას განიცდიან და სხვადასხვაგვარი განვითარებით ადგილს პოულობენ ფროიდიზმის მრავალრიცხოვან წარმომადგენელთა ნააზრევში. ამ წარმომადგენელთა შორის ცენტრალური ფიგურა კარლ გუსტავ იუნგი გახლავთ, რომელიც წარმოადგენს ერთდროულად ნეოფროიდიზმის დამწყებსაც და ამ მიმდინარეობის ისეთი ნაირსახეობის შემქმნელსაც, რომელსაც უკვე დიდი ხანია იუნგიანელობას უწოდებენ. ნეოფროიდიზმის საკმაოდ ეკლექტურ მიმდინარეობებში სწორედ იუნგიანელობაა ისეთი ფრთა, რომელიც ყველაზე გამოკვეთილად ამუშავებს ჩვენთვის საინტერესო – მხატვრული შემოქმედების პრობლემას.

იუნგის გავლენა დასავლეთის აზროვნებასა და კულტურაზე განსაკუთრებით გაიზარდა მე–20 საუკუნის ბოლო ათწლეულებში და როგორც მკვლევარები ხაზგასმით მიუთითებენ, დღეისათვისაც იმნარჩუნებს მოდური თეორეტიკოსის ნიშას.


იუნგმა ფსიქიატრიული საქმიანობა დაიწყო 1900 წელს ციურიხის ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომელიც იმ დროისათვის ევროპის უდიდეს ფსიქიატრიულ ცენტრად ითვლებოდა. ახალგაზრდა ასისტენტმა დასაწყისიდანვე გამოიჩინა თავი, როგორც საინტერესო თეორიული ნაშრომის ავტორმა. ეს ნაშრომები ეძღვნებოდნენ, ერთის მხრივ, თავისუფალ ასოციაციათა ტექნიკას და მეორეს მხრივ, შიზოფრენიის მოვლენას. განსაკუთრებით საინტერესოდ იყო მიჩნეული შიზოფრენიისადმი მიძღვნილი ნაშრომები, რამეთუ ეს პრობლემა იმ დროს ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში თითქმის ხელუხლებელ ყამირს წარმოადგენდა. იუნგისა და მისი მიმდევრების ნაშრომებმა ნათელი გახადეს, რომ ნერვულ–ფსიქიკურ დაავადებებს რთული შინაგანი სტრუქტურა აქვთ, რომლის ფსიქოლოგიური მექანიზმების გამოკვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ ადამიანის ბუნების შესწავლის თვალსაზრისით. ამ გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ეს დაავადებები არ წარმოადგენენ დაავადებებს ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. ისინი უფრო კლინიკურ ფორმად გვევლინებიან ადამიანის იმ ცდებისა, რომლებიც ცხოვრებისეული სიძნელეებისა და კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტის საჭიროებისას ჩნდებიან როგორც ადამიანური აქტივობის გარკვეული ფორმები. ისიც გამოირკვა, რომ სულიერ დაავადებათა სიპტომებს, რომლებიც ადრე უაზროდ და უსაზრისოდ მიაჩნდათ, თავიანთი გამართლება და საზრისი აქვთ. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ სულიერად ავადმყოფი ადამიანები სრულიად არ არიან „გაუვალი კედლით" გამოყოფილნი დანარჩენი კაცობრიობისაგან და რომ, მეორე მხრივ, ნორმალური ადამიანის ქცევის ზოგიერთი ნიშანი აშკარად ნევროზული წარმოშობისაა.

უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ იუნგის ფსიქიატრიული მოღვაწეობის დასაწყისი – ესაა პერიოდი, როდესაც ფსიქიატრია თანდათან იმკვიდრებს თავის კუთვნილ ადგილს ადამიანის შესახებ მეცნიერებათა სისტემაში.

უკვე ამ დროიდან ციურიხელი ფსიქიატრები უახლოვდებიან ვენის /ფროიდის/ ფსიქიატრიულ სკოლას. იუნგი ხდება ფროიდის უახლესი მოწაფე და მისი მიმდევარი. ამასთანავე ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ არც იუნგი და არც სხვა რომელიმე მოწაფე არ ყოფილა მასწავლებლის იდეების ორთოდოქსალურად გამტარებელი. სწორედ საკუთარი მოწაფეები იყვნენ ფროიდის პირველი კრიტიკოსები. ამ კრიტიკის პროცესში იკვეთებოდა თითოეული მათგანის კონცეპტუალური პოზიციები. იმ მოკლე პერიოდის განმავლობაში, როდესაც იუნგი ფროიდის აღფრთოვანებული თაყვანისმცემელია /1908–1912 წლები/, იგი ხდება ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო საზოგადოების პირველი პრეზიდენტი. მაგრამ ძალიან მალე, როგორც ამას მკვლევარები აღნიშნავენ – ის ხვდება, რომ ფროიდის ინტელექტუალური უპირატესობის გამო ფსიქოანალიზურ სკოლაში დარჩენის შემთხვევაში , მას ყოველთვის მოუხდება მეორეხარისხოვანი როლის შესრულება. სწორედ ეს გარემოება იყო გარკვეული მოტივაციური საფუძელი მასწავლებლის მოძღვრებისათვის კრიტიკული თვალით შეხედვისა იუნგის მიერ. იუნგისა და ფროიდის განხეთქილების ეს მომენტი ზოგიერთი მკვლევარის მიერ გააბსოლუტურებულია, რის გამოც მსჯელობე დააზლოვებით ისე, როგორც ანტიკურ ეპოქაში არაიშვიათად მსჯელობდნენ არისტოტელესა და პლატონის განხეთქილების თაობაზე, ხსნიდნენ რა ამ ფაქტს არისტოტელეს პიროვნული თვისებებით.

მიუთითებენ აგრეთვე განხეთქილების უფრო მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც სუბიექტურ ფაქტორზე. ცნობილი ფაქტია რომ ფროიდის მიერ ფსიქოანალიზის შექმნა ამ უკანასკნელის პოპულარულ თეორიად გადაქცევა თითქმის ერთდროულად მოხდა. ეს პოპულარულობა კი თავიდანვე სკანდალურ ხასიათს ატარებდა. საქმე ის გახლავთ, რომ ფროიდი იყო ადამიანი, რომელმაც დაიწყო იმგვარი ფსიქოლოგიური საკითხის კვლევა, რომელსაც საზოგადოებაში ტაბუ ქონდა დადებული – სექსუალურობა. მეტიც ფროიდმა სცადა „სექსუალურობის" კვლევით აეხსნა იმ ტიპის საკრალური სფეროები როგორებიცაა რელიგია და მორალი. ყველაზე დიდი შფოთი ფროიდის მოძღვრებამ შვეიცარიაში შეიტანა, რომელიც ვროპის ქვეყანათა შორის დღესაც თავისი კონსერვატულობით გამოირჩევა. სწოედ ესეც იყო გარკვეული მიზეზი იმისა, რომ ციურიხის სკოლის მოსწავლეები პირველ რიგში თავიანთ მასწავლებელს რადიკალურად გაემიჯნენ. თანაც ეს გამიჯვნა მოხდა იმგვარი ხმაურიანი დისკუსიით რომ საზოგადოების ფართო წეებისათვის იუნგი წარმოსდგა, როგორც ფროიდის მთავრი მოწინააღმდეგე.

არსებობდა აგრეთვე განხეთქილების ობიექტური ფაქტორიც. საქმე ისაა, რომ არაცნობიერის კვლევის ლოგიკას მკვლევარი აუცილებლად უნდა მიეყვანა ფროიდისეული თეზისის/ყველაფერი საბოლო ჯამში სექსუალურობით აიხსნება / მიმართ დაეჭვებამდე...

იუნგისთვის საკუთარი ფსიქოლოგიური თეორიის შექმნის გზაზე ამოსავალ პუნქტად იქცა შემდეგი კლინიკური და ფსიქოლოგიური დაკვირვება: ისეთ სულიერ ავადმყოფებს, რომელთაც არ ქონდათ არავითარი განათლება ძველი ბერძნული მითოლოგიის ირგვლივ /მათ შორის მაგალითად ცენტრალური აფრიკის ზანგებს, სიზმრისა და ბოდვების დროს უჩნდებოდათ ბერძნული მითების სახეები; სხვადასხვა ქვეყნის, ენისა და კულტურის ადამიანთა მითები ძალიან ხშირად საოცრად ჰგავს ერთმანეთს; რიგი ლეგენდებისა და მითებისა/მაგალითად მითი მსოფლიო წარღვნის შესახებ/ გავრცელებულია მთელი დედამიწის ზურგზე; ადამინებს სიზმრებში, ბოდვისას, შთაგონებისას/ხელოვანებს/ რელიგიური ექსტაზის დროს /მორწმუნეებს/ და ა. ს. უჩნდებათ იდენტური სახეები, რომლებიც ფხიზელი გონებისას ცნობიერების სიღრმეებში იკარგებიან. ადამიანის ინდივიდუალ ფსიქიკაზე მორგებული ფროიდის ფსიქოანალიზი ასეთ ფაქტებს ვერასგზით ვერ ახსნის. და იუნგიც იძულებული ხდება საქმეს უფრო მასშტაბურად შეხედოს..საბოლო ჯამში იგი ქმნის არაცნობიერის ახალ ფსიქოლოგიურ თეორიას – „კოლექტიური ანუ ობიექტური არაცნობიერის თეორიას /როგორც თვითონ უწოდებს/.

საყურადღებოა ამ თვალსაზრისით თვითონ იუნგის განმარტება იმის თაობაზე, თუ როგორ შეასწორა მან ფროიდი"გავრცელებულია არასწორი მოსაზრება, თითქოს მე ვერ ვხედავ სექსუალურობის მნიშვნელობას. პირიქით იგი ჩემს ფსიქოლოგიაში არსებით როლს თამაშობს, კერძოდ კი, როგორც ფსიქიკური მთლიანობის უმნიშვნელოვანესი, თუმცა კი არა ერთადერთი გამომხატველი, მაგრამ ჩემი მთავარი პოზიცია იმაში მდგომარეობდა რომ გამომეკვლია და ამეხსნა მისი /ე.ი სექსუალუურობის/ გონითი მხარე–საზრისი, რომლებიც ინდივიდისათვის ბიოლოგიური ფუნქციის საზღვრებს სცილდებიან. ნათელია რომ იუნგი პრეტენზიას აცხადებს ფსიქიკის შესახებ მოძღვრებათა შორის მისი „"ანალიტკური ფსიქოლოგიის" უფო მეტ ზოგადობაზე, ვიდრე ეს არის ფროიდის ფსიქოანალიზი.

საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებით იუნგმა შეიძინა დამაჯერებლობა, რომელმაც განსაზღვრა მისი ყველა შემდგომი თეორიული კონსტრუქცია. იუნგის ეს თვითდაჯერებულობა, დარწმუნებულობა შემდეგში მდგომარეობს: არსებობენ გარკვეული მოტივები და ცნებათა კომბინაციები, რომლებიც ხასიათდებიან „ყველგან მყოფობით", ისინი მუდმივად ავლენენ თავს სრულიად განსხვავებული ხალხების/რომელთაც არასოდეს არ ქონიათ ერთმანეთთან რაიმე სახის კნტაქტი/ არა მხოლოდ მითებსა და რწმენაში, არამედ მითოლოგიის არ–მცოდნე თანამედროვე ინდივიდების სიზმრებსა და ბოდვით ფანტაზიებშიც.

იუნგის აზრით ეს მოტივები იმდენად ფანტასტიკურნი და თვითნებურნი არიან რომ შეუძლებელია ისინი დეტერმინირებულნი იყვნენ გარე სამყაროს ლოგიკით; შეუძლებელია მათი ახსნა ადამიანთა ცხოვრების პირობების გამოკვლევით. რჩება ერთი შესაძლებლობა: ვეძიოთ მათი წარმოშობის კანონზომიერებები თვით ფსიქიკაში. იუნგი ვარაუდობს რომ არაცნობიერი ყოველთვის და ყველგან ქმნის გარკვეულ სქემებს, რომელიც აპრიორულად აყალიბებს ადამიანის წარმოდგენებს. ამ სქემებს იუნგმა „არქეტიპები" უწოდა, ხოლო მის მოძღვრებას საკმაოდ ხშირად არქეტიპოლოგიას უწოდებენ. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მას მხედველობაში აქვს სწორედ სქემები და არა წარმოდგენები /წარმოდგენებს ეს სქემები აყალიბებენ/. მათ ზოგადი დახასიათება ასეთია: „არქეტიპებს აქვთ არა შინაარსული, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ნიშნები, და ისიც უაღრესად შეზღუდული სახით. შინაარსულ ნიშნებს „პირველსახე" ანუ არქეტიპი მხოლოდ მაშინ იძენს, როდეესაც ის ცნობიერებაში შეაღწევს და ცნობიერი გამოცდილების მასალით ივსება. არქეტიპი თავისთავად არის ცარიელი, სქემატური ფორმა, პერფორმირების უნარი, წარმოდგენების გაფორმების აპრიორულად მოცემული შესაძლებლობა. თავიანთი არა–შინაარსეულობის მიუხედავად არქეტიპები წარმოადგენენ შინაარს კოლექტიური არაცნობიერის მიმართ. „არქეტიპი – წერს იუნგი–არის სიმბოლური ფორმულა, რომელიც ყოველთვის იწყებს ფუნქციობას იქ, სადაც ცნობიერი ცნებები არ არიან, ანდა შინაგანი და გარეგანი საფუძვლების მიხედვით საერთოდ შეუძლებელნი არიან. კოლექტიური არაცნობიერის შინაარსები ცნობიერებაში წარმოდგენილია მკვეთრად გამოხატული მიდრეკილებებითა და შეხედულებებით. ინდივიდი როგორც წესი თვლის, /რაც მცდარია/ , რომ ისინი გაპირობეულნი არიან ობიექტებით. ისინი წარმოიშვებიან სულის არაცნობიერ სტრუქტურაში და ობიექტების მეშვეობით მხოლოდ ვლინდებიან ანუ ობიექტები მათი გამოვლენის საშუალებაა.

ამრიგად არქეტიპები, ერთის მხრივ ანზოგდებენ არა ინდივიდუალურ, არამედ კოლექტიურ, საყოველთაო შინაარსს, მეორე მხრივ, ისინი არსებობენ როგორც მხოლოდ სიმბოლოები, როგორც სიმბოლური ფორმულები, რის გამოც ხშირად გაუგებარნი არიან არა–მცოდნეთათვის. მაგრამ ამ მოჩვენებითი გაუგებრობის იქით ყოველთვის დაფარულია უაღრესად მნიშვნელოვნი შინაარსი. მიუხედავად იმისა რო ისინი არ წარმოადგენენ სუბიექტისა და ობიექტის უსუალო კონტაქტის პროდუქტს და მხოლოდ ვლინდებიან გარე სინამდვილის ზემოქმედების შედეგად, მათი ფსიქიკური რეალურობა და მნიშვნელადობა ეჭვს ქვეშ არ შეიძლება დავაყენოთ. და ბოლოს სწორედ არქეტიპი აძლევს თანამედროვე ადამიანს საშუალებას ჩააღწიოს დროისა და ადამინური სულის ყველაზე ღრმა ფენებში და გადააქციოს იქიდან ამოტანილი შინაარსი თავის საკუთრებად.

მიუხედავად თავიანთი ფორმალურობისა, არა–შინაარსეულობისა, უკიდურესად ზოგადი განსაზღვრულობისა არქეტიპებს ახასაითებს შემდეგი თავისებურებანი. იმის შესაბამისად თუ რამდენად უფრო გამოკვეთილნი ხდებიან, მათ ახლავთ არაჩვეულებრივად ცოცხალი ემოციური ფონი, მათ შეუძლიათ იყვნენ შთამბეჭდავნი, შთამაგონებელნი, გტაცების გამომწვევნი. არქეტიპებში მყოფი ეს შთამაგონებელი ძალა ყოველთვის უნდა ვიქონიოთ მხედველობაში ხელოვნებისა და მისი აღქმის მექანიზმების იუნგისეული გაგების ანალიზის დროს. იუნგის აზრით ყველა დ ყოველგვარი „შთაგონება", რომელიც ხელოვების ნაწრმოებს ქმნის, ხორციელდება მხოლოდ არქეტიპების მეშვეობით.

ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მომენტიც – არქეტიპებში აკუმულირებული ფსიქიკური ენერგია, მსგავსად ყოველგვარი ფიზიკური ენერგიისა, სრულიად ნეიტრალურია სიკეთისა და ბოროტების მიმართ. არქეტიპი თავისთავად არც მორალურია და არც იმორალური, არც მშვენიერია და არც მახინჯი, არც საზრისიანი და არც უსაზრისო. მაგრამ მასში მოცემულია გარკვეული ღიაობა. სიკეთისა და ბოროტების უკიდურეს გამოვლენათა შესაძლებლობა. ამიტომ შთაგონების არქეტიპული ხასიათი გადაჭრით არაფერს ამბობს თვითონ შთგონების კეთილ თუ ბოროტ ხასიათზე. არქეტიპულია გოეთეს შემოქმედებაც და დეტექტივიც . არქეტიპი ამბივალენტურია თავისი ბიოლოგიური თვალსაზრისითაც. მას გმოიმუშავებს ადამიანის ფსიქოფიზიკური ორგანიზმი, როგორც „ორგანოს" , რომელიც გარანტს წარმოადგენს ფსიქიკის წონასწორობისათვის და გარკვეულ დრომდე მართლაც იცავს ინდივიდუმს საფრთხისაგან. მაგრამ არქეტიპების მოზღვავება ცნობიერებაში ნევროზისა და ფსიქოზის ნიშნიც არის.

ხასიათებს რა იუნგი არქეტიპს როგორც ფენომენოლოგიურ სტრუქტურას, იუნგი ამავე დროს ხშირად მიმართავს არქაულ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას.

იუნგმა პირველად მიაქცია ყურადღება ფსიქიკური პროცესების ფორმისწარმომქნელ კანონზომიერებებს, განსხვავებით ფროიდისაგან, რომელიც მისისვე სიტყვებით რომ ვთქვათ, ეძებდა მხოლოდ ფსქიკურ პროცესებში დაფარულ კაუზალობას, აგრეთვე ადლერის საპირისპიროდ, რომელიც საკითხს სვამდა მხოლოდ ფსიქიკური პროცესების მიზანმიმართულობის შესახებ.

არქეტიპის შესახებ იუნგიმ მოძღვრება პლატონის „იდეების შესახებ" მოძღვრების და არისტოტელეს „ფორმის შესახებ" მსჯელობის ანალოგიურია. მართლაც იუნგის არქეტიპები თითქოსდა პლატონის იდეებია, ოღონდ ღვთაებრივი ცნობიერებიდან ადამიანის ქვეცნობიერში გადმოტანლი. თვითონ ტერმინი „არქეტიპი" მას ნასესხები აქვს ქრისტიანული ნეოპლატონიზმიდან, კერძოდ არეოპაგული თხზულებებიდან.

იუნგმა „არქეტიპის"სახით თავისი ფილოსოფიური სისტემისათვის შექმნა გაცილბით უფრო კონსტრუქციული ცნება ვიდრე ფროიდის მიერ შექმნილი – „კომპლექსის" ცნება იყო. არქეტპი იძლევა ერთგვარ გასაღებს და გზას იმ იდუმალი და გამოუცნობი მოვლენების ასახსნელად, რომლებიც თავის მხრივ საბაბი გახდა კოლექტიური არაცნობიერის ცნების შემოტანისათვის. კოლექტიური არაცნობირი ხაზს უსვამს ფსიქიკური მემკვიდრების არსებობას, რომლის მატარებლებიც არქეტიპები არიან. არქეტიპები თავიანთ თავში ინახავენ ჩვენი ფსიქიქის „წინარეფსიქიკურ" რეალობებს, მდგავსად გენებისა, რომლებმაც ჩვენი უძველესი წინაპრების ფიზიკური სახე დ ხვა მემკვიდრული ნიშნები შემოინახეს და ჩვენამდე მოიტანეს. არქეტიპების „ადგილსამყოფელი", იუნგის აზრით, არის არაცნობიერის ყველაზე ღრმა ფენა – კოლექტიური არაცნობიერი – რომელიც ინდივიდუალური ფსიქიკის საზღვრებს სცილდება. კოლექტიურ არაცნობიერს თავის მხრივ რამდენიმე დონე აქვს, რომლებიც მასსი ჩაღრმავების მიმარტულებით ასე წარმოგვიდგება: უშუალოდ ინდივიდუალური არაცნობიერის /რომელიც ფროიდის მიხედვით შედგება გაუცნობიერებელი ან ცნობიერებიდან გამოდევნილი მასალისაგან/ ქვეშ მდებარეობს ჯგუფური არაცნობიერის შრე – ოჯახის ან სხვა მიკრო–სოციუმის არაცნობიერი, რომელსაც მოჰყვება უფრო მსხვილი სოციალური ჯგუფების არაცნობიერი /ერებისა და ერების ჯგუფების ჩათვლით, რომელთაც საერთო წარსული აერთიანებთ/, შემდეგ მოდის საერთო–საკაცობრიო, ზოგადადამიანური კოლექტიური არაცნობიერი; კიდე უფრო ღრმად იმყოფება ისეთი არაცნობიერი მასალა, რომელიც ადამიანს საერთო აქვს ცხოველთა სამყაროსთანაც/ არაცნობიერის ეს დონე არ განეკუთვნება ფსიქიკურ სამყაროს ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნეობით ამიტომ იუნგმა მის აღსანიშნად შემოიტანა ტერმინი „ფსიქოიდური არაცნობიერი"/ აი ამ ურთულესი სტრუქტურის აღმნიშვნელი ცნება – „კოლექტურ არაცნობიერი" – არის იუნგის ფსიქოლოგიის ცენტრალური ცნება, თუმცა ეს ზოგჯერ საკამათო ხდება და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იუნგის ფსიქოლოგიის ცენტრალური ცნება არის არის არა კოლექტიური ააცნობიერი, არამედ „არქეტიპი", ვინაიდან კოლექტიური არაცნობიერი თავისთავად არაფერია თუ არა „ადგილსამყოფელი", რომელიც დასახლებუია არქეტიპებით – შესაბამისად, ასკვნიან რომ უფრო მართებულია იუნგის ფსიქოლოგიას ეწოდოს „არქეტიპოლოგია".

ესთეტიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ არქეტიპოლოგიაა, ვინაიდან იუნგის მოძღვრება მხატვრული შემოქმედების შეახებ დაფუძნებულია სწორედ არქეტიპებზე დ არა ფროიდისეულ „კომპლექსებზე". არქეტიპებზე იუნგის მოძღვრების ზოგადი ნაწილი შეიძლება შევაჯამოთ ამგვარად, /რათა შემდგომ საშუალება მოგვეცეს გადავიდეთ სპეციალურ ნაწილზე: კერძოდ როგორ განსაზღვრავენ არქეტიპები მხატვრული შემოქმედების პროცესს და მის პროდუქტს–ხელოვნებას/

არაცნობიერი განუწყვეტლივ აწარმოებს, აპროდუცირებს სპეციფიკურ წარმონაქმნებს, რომლებიც აპრიორულად, ადამიანის ემპირიული გამოცდილების გარეშე აყალიბებენ მის წარმოდგენას სამყაროზე, საკუთარ თავზე, საკუთარსა და თავის მსგავსთა საქმინაობაზე. უძველეს წარსულში შექმნილი ეს წარმონაქმნები ინახებიან არაცნობიერის ღრმა მრავალფენოვან წრეებში და იქიდან გზას იკვლევენ ცნობიერებისაკენ და შეაღწევენ მასში როგორც მზა სქემები, რომლებშიც ჩალაგდება ადამიანის ფსიქიკის მთელი საქმიანობა. უძველესი, არქაული, მარადული ფსიქიკური სქემები სულ ახლად ივსება ადამინის ახალი გამოცდილების ახალ–ახალი მასალებით, ასეთია ადამინის ფსიქიკური ცხოვრების დინამიკა იუნგის ფსიქოლოგიაში. ეს ყველგან და ყოველთვის მყოფი გამაფორმებელ–ჩამომყალიბებელი ფსიქიკური სქემები წარმოადგენენ არქეტიპებს. ისინი იმყოფებიან ადამიანის სულიერი–გონითი საქმიანობის ცენტრში, ხოლო ყველა დანარჩენი იუნგის აზრით მეორეხარისხოვანი და დამატებითია.

იუნგს არ შეუქმნია სპეციალური თეორია მხატვრული შემოქმედების ბუნების შესახებ, რომელშიც ნაჩვენები იქნებოდა თუ როგორ მოდიფიცირდება მისი ფსიქოლოგიური თეორია ანუ არქეტიპოლოგია ხელოვნების მიმართ.

იუნგი ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდება თავისი მეთოდოლოგიის გამოყენებას ხელოვნების მიმართ და მისი ნაწარმოებების მკითხველსაც ამ სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. აგრძნობინებს რომ ამ სფეროში კატეგორიული მსჯელობები სახიფათოა, რადგან სიცოცხლის შემოქმედებითი ასპექტი, რომელიც თავის ყველაზე ნათელ გამოხატულებას ხელოვნებაში პოულობს, რაციონალური ანალიზის ყველა მცდელობას და ცნებას ეწინააღმდეგება. „შემოქმედება, ნების თავისუფლების მსგავსად თავისი არსებით იდუმალებაა" უნდა ითქვას, რომ იუნგის ასეთი სიფრთხილე თავისებური საწინააღმდეგო რეაქციაა მხატვრულ შემოქმედების ფსიქოანალიზური თეორიისა, რომელიც როგორც ვნახეთ, მხატვრული შემოქმედების პროცესს განიხილავს, როგორც სხვადასხვა კომპლექსებით დეტერმინირებულ ფსიქიკურ ფენომენს. ფროიდი მხატვრული შემოქმედებისა და ხელოვანის ბუნების გაგებისათვის– ამოდიოდა რა ფსიქოანალიზში მის მიერ ჩამოყალიბებული სტრუქტურიდან „არაცნობიერი – „ოიდიპოსის კომპლექსი – „სიზმარი" – განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხელოვანის პიროვნებას. ამიტომ იყო, რომ მის მემკვიდრეობაში დიდ ადგილი უკავია გამოჩენილ ხელოვანთა – ლეონარდო და ვინჩის, შექსპირის, დოსტოევსკის, გოეთესა და სხვათა ცხოვრების აღწერას, გენიალობის წყაროების და შეოქმედების სტიმულების ფსიქოანალიზური მეთოდით ახსნის ცდას. მისი კვლევებისათვის დამახასიათებელი იყო ხელოვანის ბავშვობისდროინდელი მოგონებების დეტალური ანალიზი, ცალკეული დეტალების ხაზგასმა და გამოკვეთა. ფრიდის აზრით ის მოგონებები რომლითაც ხელოვანი იწყებს თავის „აღსარებას" , ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიცავს მისი სულიერი ცხოვრებისა და მხატვრული შემოქმედების საიდუმლოთა გასაღებს. განსხვავებით თავისი მასწავლებლისაგან.


ხელოვანის პიროვნება


იუნგი ცდილობს სხვაგვარად ახსნას მხატვრული შემოქმედების არსი. კერძოდ მის მოძღვრებაში უგულებელყვოფილია ფროიდისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ინტერესი ხელოვანის ბიოგრაფიული მომენტებისა და მისი პიროვნული გამოცდილებისადმი. კერძოდ იუნგთან თითქმის არავითარ როლს არ ასრულებს მხატვრულ შემოქმედებაში ის მომენტი, რომელზეც ფროიდს მთელი ყურადღება გადააქვს – ხელოვანის სექსუალური ლტოლვები.

იუნგი თვლის, რომ მხატვრული შემოქმდების საფუძველია რაღაც ავტონომიური პროცესი, რომელიც არანაირად დამოკიდებული არაა ხელოვანის პიროვნების თავისებურებებზე, მის პიროვნულ გამოცდილებაზე. ხელოვანი მხოლოდ პასიური გადამტანია ამ ზეპიროვნული, უნივერსალური შემოქმედებითი ძალისა, რომელიც თავისი ბუნებით შეუცნობადია.

ხელოვანი, როგორც პიროვნება, იუნგის აზრით ბევრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანისაგან, იგი ნორმალური პიროვნებაა/ფროიდისათვის ხელოვანი ნორმიდან გადახრაა/ მაგრამ ჩვეულებრივი, სტატისტიკური ადამიანისაგან განსხვავდება არაცნობიერის სფეროსადმი უფრო მეტი გახსნილობით, ეს „არაცნობიერი" იუნგთან „პიროვნული" კი არ არის არამედ ზე–პიროვნული, კოლექტური არაცნობიერია.


ხელოვანის პიროვნებაზე მსჯელობისას იუნგი გამოყოფს ორ მხატვრულ–შემოქმედებით ტიპს: ფსიქოლოგიურსა და ვიზიონერულს.

ფსიქოლოგიურ ტიპს საქმე აქვს ცნობიერ, ცხად და გასაგებ მოვლენებთან, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ძირითად ავანსცენას წარმოადგენენ. ამ ტიპის ხელოვანის მიერ შექმნილი ხელოვნება „სიბრტყულია"..მოკლებულია რა „მესამე განზომილებას" ანუ სიღრმეს. ხელოვანის ფსიქოლოგიური ტიპი მოვლენათა ზედაპირზე დაცურავს და არ ძალუძს მათი დაფარული საზრისი წვდომა. იუნგის აზრით ხელოვანის ეს ტიპი თავისი შემოქმედებითი პოტენციით ძალიან ღარიბია და სუსტი. იუნგი მას დამატებით აღნიშნავს და მოიხსენიებს, როგორც ხელოვანის „დაბალ" ტიპს.

ხელოვანის მეორე– ვიზიონერულ ტიპს – იუნგი ახასიათებს როგორც „მაღალს" , რომელსაც აქვს უნარი მოიცვას დროის მთელი უსასრულობა. – „ადამიანამდელი დრო". ვიზიონერულ ტიპს საქმე აქვს ადამიანის სულის წინარე სამშობლოსთან . ვიზიონერული ხელოვანი თავისებური ვიზიონერული პროცესის მეშვეობით ერთიანობაში სწვდება კოლექტიური არაცნობიერის სიმბოლურ ფორმებში /ლეგენდებსა და მითებში/ გამოვლენებებს, რომელთა სათავეც ძველი ადამიანის რიტუალურ პრაქტიკაში ძევს. ამ ტიპის ვიზიონერული შინაარსით აღვსილ სულს ხელოვანი აპროეცირებს/მიმართავს/ გარეთ სიტყვისა და სხვა მასალის მეშვეობით. იუნგი განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმ მომენტს, რომ ხელოვანის ვიზიონერულ გამოცდილებას არაფერი საერთო არ აქს მისსავე პიროვნულ გამოცდილებასთან /ამ აქცენტით იუნგი უპირისპირდება ფროიდს, რომლისთვისაც განმსაზღვრელი პიროვნული გამოცდილებააა/ .

სპეციალისტები აღნიშნავენ და სამართლიანადაც, რომ იუნგის მიერ აღწერილი მხატვრულ–შემოქმედებითი ტიპოლოგია განსხვავდება და წინააღმდეგობაში მოდის მისივე ზოგად–ფსიქოლოგიურ ტიპოლოგიასთან, რომლის თანახმადაც იუნგი გამოყოფს ორ ძირითად ფსიქოლოგიურ ტიპს და ხასიატების ოთხ ქვეტიპს.

ძირიტადი ფსიქოლოგიური ტიპებია:

1. ექსტრავერტული – გარესამყაროზე მიმართული

2. ინტროვერტული – საკუთარ თავზე მიმართული


ისინი თავის მხრივ ფსიქიკური აქტივობის შესაბამისად იყოფიან ოთხ ქვეტიპად, რომელთაგანაც ორი რაციონალურია და ორი ირაციონალური:

1. აზროვნება;

2. ემოცია;

3. შეგრძნება;

4. ინტუიცია,


იუნგის ზოგად–ფსიქოლოგიური ტიპოლოგიის თანახმად მაღალი ტიპია – აქტიური ექსტრავერტი, რომელიც გარე სამყაროზეა პროეცირებული და დაბალია პასიური ინტროვერტი , რომელიც საკუთარ ტავზეა პროეცირებული. აქ არის წინააღმდეგობა მხატვრულ–შემოქმედებით ტპოლოგიასთან, ვინაიდან ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანებში მაღალია /ექსტრავერტი – გარე სამყაროზე პროეცირებული/ შემოქმედებით ტიპოლოგიაში – დაბალი ტიპია/ფსიქოლოგიური/ და პირიქით.


თვითონ იუნგი ამ წინააღმდების ახსნას ცდილობს იმ არგუმენტით, რომ შემოქმედებითი ტიპი სრულიად დამოუკიდებელია პიროვნების ფუნქციურ–ფსიქოლოგიური ტიპისაგან.

ამგვარი წინააღდეგობები, მკვლევართა აზრით, იუნგის მოძღვრებაში უპირატესად განპირობებული იყო ფროიდისაგან რადიკალური გამიჯვნის მოტივაციით.


მითი და ინტუიცია


ამერიკელი ფილოსოფოსი ს. ფინკელშტაინი, თავის ნაშრომში : „ფსიქოანალიზი და ხელოვნება" იუნგის შეხედულებების ანალიზისას აღნიშნავს, რომ შემოქმედების პროცესზე მსჯელობისას იუნგის ამოსავალ დებულებას წარმოადგენს მოსაზრება მის თაობაზე, რომ მთელი ხელოვნების მუდმივ და მარადიულ წყაროს მითები და ლეგენდები ქმნიან, რომლებიც უძველესი დროიდან, არქაული ეპოქიდან მოყოლებული არსებობენ როგორც „კოლექტიური არაცნობიერი". ხელოვანი ამ „არქაულ არაცნობიერს" გამოხატავს და გამოსახავს. სწორედ ეს მომენტი განაპირობებს მისი ხელოვნების სიდიადესა და მომხიბვლლობას.

მხატვრულ შემოქმედებაში მითის მნიშვნელობის აქცენტირებისას იუნგი მეორე მომენტსაც უსვამს ხაზს: მითოლოგიაში მუდმივი „ქექვა–ძიების" პროცესში ხელოვანი გამიჯნულია აქტიური, მიზანდასახული, შეგნებული მოქმედებებისაგან, რომელიც შემოქმედებით პროცესს ცნობიერ და ლოგიკურ ხასიათს მიანიჭებდა . იუნგი არაა პირველი მოაზროვნე, რომელიც მხატვრულ შემოქმედებაში მითის მნიშვნელობაზე ლაპარაკობ, მაგრამ მისი ნააზრევი გამოირჩევა ორიგინალურობით, რაც ზოგადად შეიძლება ამგვარად ჩამოყალიბდეს: იუნგმა მითი ჩართო კოლექტიური არაცნობიერის სტრუქტურაში, როგორც მისი არქეტიპული ფორმის შინაარსობრივი ელემენტი, რომელიც თავის მხრივ წინასწარმეტყველურ–მჭვრეტელობით ფუნქციას ფლობს.

ცნბილია, რომ უკვე ფროიდის ფსიქოანალიზში მითს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, როგორც თანამედროვე ადამიანის აქტივობის ამსახველ ფენომენს. ფროიდმა თვითონვე შექმნა მითი იმის შესახებ, თუ როგორ აუჯანყდნენ შვილები დესპოტ მამა–მამასახლისს, მოკლეს იგი და „შეჭამეს", რითაც მოიპოვეს თავისუფლება, ამის შემდეგ მათ დაეწყოთ სინდისის ქეჯნა და სინანული. ეს ქმედება ფროიდმა მიიჩნია „ოიდიპოსის კომპლექსის საფუძვლად", ხოლო ეს უკანასკნელი კი საზოგადოების, რელიგიის და ხელოვნების ფსიქოლოგიურ საფუძვლად გამოაცხადა. ფროიდის აზრით, „ოიდიპოსის კომპლექსი" იმავდროულად არის ყოველგვარი ნევროზის ბირთვი. ფროიდი ამბობს, რომ დესპოტი მამა–მამასახლისის მითიურ მკვლელობას წარუშლელი კვალი უნდა დაეტოვებინა კაცობრიობის ისტორიაში უნდა გამოვლენილიყო ხელოვნებაში მკვლელობის პირველადი ფაქტის შემცველი, ერზაცული სახით, რაც მართლაც გამოვლინდა და წარმოსდგა მრავალრიცხოვან მხატვრულ ფაქტებში, შესაბამისად ფროიდთან მხატვრული შემოქმედება საბოლოოდ წარმოსდგა როგორც ოიდიპოსის კომპლექსიდან გამომდინარე ერზაცული ფაქტების რიგი ანუ ფსიქო–პათოლოგიური ფენომენი.

იუნგთან, ფროიდისაგან განსხვავებით, მითი სრულიადაც არაა დაკავშირებული რაიმე კომპლექსთან, მითი იუნგთან პირველადი ტიპების ანუ არქე–ტიპების შინაარსულ მხარეს შეადგენს. არქეტიპები, როგორც კოლექტიური არაცნობიერის წიაღში არსებული უძველესი ფორმები /სახეებისა და წარმოდგენებისა/ არ შეიძლება წარმოშობილიყვნენ უფრო ადრე, ვიდრე მითები. ორივე, იუნგის აზრით, სათავეს იღებს უძველესი დროიდან, როდესაც ცნობიერება ჯერ მხოლოდ აღიქვამს და არ აზროვნებს. ამის გამო არქე–ტიპებს ახასიათებთ მითურ–სიმბოლური თვისებები და ცნობიერ დამუშავებას არ ექვემდებარებიან . მითი იუნგთან გადაიქცევა ზოგად– მითიურ საწყისად და ისევე როგორც არქეტიპი „დაცლილია" რეალობასთან ყოველგვარი კავშირისგან. იუნგი ამტკიცებს, რომ მითში აისახება არა სამყაროს არაცნობიერად ასახვადი არსი, არამედ ფსიქიკის არსი. ისინი წარმოადგენენ სულის არსის ამსახველ მანიფესტაციებს. აბსურდულია დაისვას საკითხი მითის ჭეშმარიტება–მცდარობის შესახებ, როგორც იუნგი ამბობს „მითიური წარმოდგენები, როგორც ბუნებრივი პროცესი, როგორც ზამთარი და ზაფხული, როგორც მთვარის ფაზებიის ცვლა, წვიმების პერიოდი, სრულიადაც არ წარმოშობენ ობიექტურ გამოცდილებაში მოცემულ ამ მოვლენათა ალეგორიულ წარმოდგენებს, არამედ სიმბოლურად გამოხატავენ ჩვენი სულის არაცნობიერ, შინაგან დრამას და ცნობიერების მონაპოვრად გადაიქცევიან პროექციის მეშვეობით ანუ აისახებიან ბუნებრივ მოვლენებში". ამგვარად ბუნების პრიმიტიული შემეცნება არის მხოლოდ „არაცნობიერი სულიერი პროცესის საბურველი და ენა" , რამდენადაც ეს სულიერი პროცესი უკვე თვითონვე მოიცავს ყველა იმ სახეს, რომელთაგან ოდესღაც მითები აღმოცენდნენ. მითის კავშირი მხატვრულ შემოქმედებასთან, იუნგიდ დასკვნის თანახმად, რაციონალური გააზრებისა გაცნობიერებისათვის მიუწვდომელია. მითი მხატვრული შემოქმედების არაცნობიერი – ფსიქოლოგიური საფუძველია. მითი, როგორც ფსიქიკის ყველაზე ღრმა ფენის – „კოლექტიური არაცნობიერის" –შედარებით ზედაპირული წარმონაქნი, როგორც მისი შემადგენელი ფორმალური ელემენტების – არქეტიპების – შინაარსული მხარე და ამდენად ამ არაცნობიერის გამოვლენა, მისგან წარმოებული, მთელი კაცობრიობისათვის არის დამახასიათებელი, განურჩევლად რასობრივი, ეროვნული, ნაციონალური განსხვავებულობისა. გავლენას ახდენს საერთოდ ადამიანისა და განსაკუთრებულად ხელოვანის ინდივიდუალური ცნობიერების ჩამოყალიბება–განვითარებაზე. ხელოვანი ცხოვრობს მითში..მაგრამ ხელოვანის არა ფსიქოლოგიური /გარე სამყაროზე მიმართული/, არამედ ვიზიონალური /საკუთარ თავზე მიმართული/ ტიპი, ინტუიციის ფსიქოლოგიური ფუნქციის მეშვეობით. ხაზს უსვამს რა ინტროვერტული ინტუიციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, იუნგი წერს: „ინტროვერტულ ინტუიციას აქვს განსაკუთრებული ალღო სინამდვილის განსაკუთრებულად ორაზროვან, ბნელ, ბინძურ, საშიშ უკანა მხარეში შეღწევისათვის". ინტროვერტული ინტუიცია აყალიბებს პიროვნების თავისებურ ტიპებს: მეოცნებეებს, ფანტაზიორებს, ნათელმხლველებსა და ხელოვანებს. იუნგი თვლის რომ ამ ტიპის ხელოვანი, როგორც ადამიანი პრინციპში „ნორმალური უნდა იყოს", მაგრამ ინტუიციის უნარი უკიდურესად აშორებს ინდივიდს რეალური სინამდვილისაგან, ზოგჯერ ისე და იმგვარად, რომ ის გამოცანად იქცევა ხოლმე მის გარშემო მყოფებისათვის.

ამგვარად იუნგი მხატვრული შემოქმედების შესახებ მისეულ თეორიაში ერთმანეთს უკავშირებს მითს, როგორც ხელოვნების წყაროსა და ინტუიციას, როგორც ჩანაფიქრის რეალიზაციის მთავარ უნარს. იუნგი გარკვეულ აქცენტს აკეთებს ხელოვანის შემოქმდებით უნარიანობაზე, როგორც ნორმიდან გარკვეულ გადახვევაზე. ინტუიცია, როგორც ფსიქიკური ცხოვრების ირაციონალური, არაცნობიერი ფენომენი იუნგთან გადაიქცევა მითით გაშინაარსებულიანი არქეტიპების ჭვრეტის რაღაც მისტიკურ ძალად, რომელიც თავის მხრივ სხვა ადამიანების თვალში გადააქცევს „გამოუცნობ" „იდუმალებით მოსილ" და „არანორმალურ" არსებად.


მხატვრული შემოქმედების პროცესი


ესთეტიკური აზრის წარმოშობიდან დღემდე მიმდინარეობს დავა და დისკუსია იმის თაობაზე, მხატვრული შემოქმედების პროცესი ცნობიერია თუ არაცნობიერი?

გამოკვეთილია სამი პოზიცია:


პირველი: მხატვრული შემოქმედბის პროცესი თავიდან ბოლომდე – მხატვრული ჩანაფიქრიდან დაწყებული მხატვრული ნაწარმოებით დამთავრებული – ცნობიერი, რაციონალური ფსიქიკური პრცესია;


მეორე: მხატვრული შემოქმედების პროცესი ტავიდან ბოლომდე არაცნობიერია;


მესამე: მხატვრული შემოქმედების პროცესი ნაწილობრივ ცნობიერია და ნაწილობრივ არაცნობიერი;

როგორც ფროიდიზმში ასევე ნეოფროიდიზმში საქმე გვაქვს მეორე პოზიციასთან – ანუ მხატვრულ შემოქმედებაში არაცნობიერის როლს გააბსოლუტურებასთან.

მხატვრული შემოქმედება, როგორც პროცესი იუნგის აზრით წარმოადგენს კოლექტიური არაცნობიერის მხატვრულ სახოვან რეალიზაციას. ხორციელდება ხელოვანის ფსიქიკის თავისებური ორგანიზაციული სტრუქტურის სათანადო ფუნქციობის დროს. ხელოვანის ფსიქიკის სტრუქტურა და ფუნქციობა იმგვარადაა ორგანიზებული, რომ მისი /ხელოვანის/ ფსიქიკური წონასწორობა რაღაც მომენტში ირღვევა და დგება შტაგონების მომენტი. ეს არის მდგომარეობა როდესაც ადამიანის სული ღიაა წინარე – სამშობლოს, არქე–სამყაროს მხრივ ზემოქმედებისათვის. ამ დროს ჯერ ხელოვანის სულში წარმოიშვებიან ზემოქმედების ეს ფანტასტიკური პროდუქტები და შემდგომ გარკვეულ მასალაში /სიტყებში, ბგერებში, ფერებში... პროეცირდებიან, აღიბეჭდებიან ამ მასალაში, როგორც თავიანთი კვალის რეალიზაციის საშუალებაში. ამ ბოლო ეტაპზე ჩვენ უკვე საქმე გვაქვს „მზა" მხტვრულ ნაწარმოებთან. იუნგი წერს რომ კოლექტიური არაცნობიერის ზემოქმედების შედეგად ხელოვანის სულში ფანტასტიკური ობიექტები ჩნდებიან მაშინ როდესაც ცნობიერების ინტენსივობ დაქვეითებულია – სიზმრის, ბოდვების, ცხადში სიზმრის, მოჩვენებების დროს.

მხატვრული შემოქმედების პროცესი, რომელსაც იუნგის აზრით, ინტროვერტული ტიპი ახორციელებს აღქმიდან იწყება. იგი რასაკვირველია რეალურ სინამდვილეს აღიქვამს, როგორც ყველა სხვა ადამიანი, თუმცა მხტვრული შემოქმედების უნარი ყველას არ აქვს. ეს ხელეწიფება ინტროვერტს, რომელშიც სუბიექტურობა სჭარბობს. თუ საქმე მხატვრულ ინტროვრტთან გვაქვს აღმოჩნდება, რომ მასში სუბიექტურობა იმ დონემდეა განვითარებული, რომ ეს უკანასკნელი გადაიქცევა ერთგვარ ტელესკოპად, რომლის მეშვეობითაც მართალია ხელოვანს არაფრის გარჩევა არ შეუძლია აქტუალურად მოცემულ რეალურ სინამდვილეში, მაგრამ ტელესკოპის ანალოგიური მძლავრი სარკეების მეშვეობით ის ხედავს ჩვულებრივი თვალისათვის მიუწდომელ და შეუმჩნეველ არქაული ფსიქიკური კოსმოსის სამყაროებს, ჭვრეტს და აკვირდება ამ კოსმოსის საოცარ „ლანდშაფტს", მათ უცნაურ ფლორასა და ფაუნას, მათ იდუმალ ულტრა–ობიექტებს. თუ როგორი ძალა აქვს სუბიექტურ ფაქტორს , ამას ყველაზე ნათლად იუნგის აზრით ხელოვნება გვიჩვენებს. სუბიექტური მომენტის უპირატესობა ზოგჯერ ობიექტის სრულ დათრგუნვამდე გრძელდება. სუბიექტური შეგრძნება უფრო მეტად ფსიქიკური სამყაროს სიღრმეებისაკენ არის პროეცირებული. არქე–სამყაროს ფსიქოლოგიურ–ესთეტიკურ დამუშავებას ფუნქციურად ახორციელებს ხელოვანის ინტუიცია. ხელოვანის ინტუიციური უნარისათვის არქე–მასალა იძენს ობიექტურ ღირებულებებს და მხატვრულ სახეებად, კომპოზიციებად გარდაიქმნება. ხელოვანის მიერ არქე–სამყაროს, წინარე სამშობლოს არაცნობიერი სახეების ინტუიციის მეშვეობით მხატვრულ სახეებად გარდაქმნის პროცესი მხოლოდ უშუალო გამოყენების პრაგმატული თვალსაზრისით არის უსარგებლო, სხვა მხრივ არქეტიპები, რომელთა დაფარული არსი გამოცდილებისათვის მიუღწევადია მოიცავენ და აერთიანებენ ჩვენი წინაპრების ფსიქიკური ფუნქციობის დანალექს, მილონჯერ განმეორებით შეგროვილ მათში კონცენტრირებულ ორგანულ ყოფიერებას. არქეტიპები აერთიანებენ და მოიცავენ ყველა იმ გამოცდილებას, რასც უხსოვარი დროიდან ჩვენს პლნეტაზე ჰქონია ადგილი.

ნანახია: 5355 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024
ძებნა საიტზე
Google ძებნა
რეკლამა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 11
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
top.ge
Website builder - uCoz