ხუთშაბათი, 18.04.2024, 22:05
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
.
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
200
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 ბლოგი
მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » თანამედროვე ესთეტიკის სხვადასხვა მიმდინარეობები
20:24
თანამედროვე ესთეტიკის სხვადასხვა მიმდინარეობები

ტექნიციზმის ესთეტიკა


ტექნიციზმის მსოფლმხედველობრივ საფუძვლად უნდა ჩაითვალოს ოსვალდ შპენგლერის ნაშრომი – „ადამიანი და ტექნიკა".


ოსვალდ არნოლდ გოტფრიდ შპენგლერი (გერმ. Oswald Arnold Gottfried Spengler; დ. 29 მაისი, 1880, ბლანკენბურგი — გ. 8 მაისი, 1936, მიუნხენი) — გერმანელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი. ავტორი გახმაურებული ნაშრომისა ევროპის დაისი (Der Untergang des Abendlandes), რომელიც მან 1918-1923 წლებში გამოაქვეყნა.


სწავლობდა მიუნხენის და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1904 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მუშაობდა მასწავლებლად ჰამბურგში.


ლიტერატურა

შპენგლერი, ოსვალდ. „ევროპის დაისი," თბ., „მანდარიას სტამბა", 2005

პოლიტიკის ფილოსოფია", (ედ. კოდუასა და დ. გეგეშიძის რედაქციით), თბ., „კეგელი", 1995

კულტუროლოგია, (გურამ ლორთქიფანიძის რედაქციით), თბ., „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა", 2001


იმისათვის, რომ გავიგოთ ტექნიკურს არსება არ შეიძლება დავეყრდნოთ და ამოვიდეთ მხოლოდ მანქანური ტექნიკის სფეროდან ან კიდევ იმ იდეიდან, რომ ტექნიკის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ მანქანებისა და წარმოების იარაღების შექმნა. სინამდვილეში – წერს შპენგლერი – „ტექნიკა წარმოადგენს ყოველივე ცოცხალის ტაქტიკას" ის წარმოადგენს იმ ბრძოლის მეთოდის შინაგან ფორმას, რომელიც თვითონ ცხოვრებას ემთხვევა. მთავარი არსი მდგომარეობა არა საგნებში, არამედ ყოველთვის იმ საქმიანობაში, რომელსაც აქვს განსაზღვრული მიზანი – ამგვარად ტექნიციზმში ტექნიკის ცნება და მნიშვნელობა ფართოვდება მთელი უტილიტარული საქმიანობის სფერომდე, ანუ ხდება ადამიანთა საქმიანობის მთელი სფეროს გასაგნობრივება. მიზანდასახული საქმიანობა – სპეციფიკურ ადამიანურ თავისებურებას წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ადამიანისათვის არის დამახასიათებელი. შპენგლერთან ტექნიკა არის ადამიანის მიზანდასახული საქმიანობა, რომელიც ადამიანს ათავისუფლებს გვარეობითი დამოკიდებულებისაგან და ხდება მისი კრისტალური ინდივიდუალიზაცია. ამდენად ტექნიკა, შპენგლერის აზრით არის თავისუფლების სიმბოლო და ადამიანის ინდივიდუალური ძლიერების მაჩვენებელი. ტექნიციზმის ესთეტიკის ძირითადი დებულებებია: „პრაქტიკა", „შრომის იარაღი", „გარდაქმნა", „კოლექტიური მოთხოვნები", „ადამიანის ფორმირება ტექნიკის მესვეობით", „მშვენიერისა და სასარგებლოს ერთიანობა"...

ტექნიციზმი უკანა პლანზე გადაწევს ადამიანის იდეური შემოქმედების როლს და მთაარ საქმიანობად მიიჩნევს ტექნიკის მეშვეობით განხორციელებულ საქმიანობას.


ტექნიციზმის ესთეტიკის წარმომადგენლები და ძირითადი ნაშრომები:


მანფრედ ტილლი

ტექნიკა და წმინდა ხელოვნება"


მისი მიზანი იყო ტექნიციზმის ესთეტიკის, როგორც ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება. ტექნიციზმის ესთეტიკის თეორიულ წანამძღვრად თვლის შპენგლერის, იასპერსისა დ ჰაიდეგერის ფილოსოფიას. როგორც ტილლი აღნიშნავს: პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ტრადიციული ფილოსოფიის ბედი მკვეთრად შეიცვალა, ის სფერო, სადაც მეტაფიზიკური ცნობიერება აბსოლიტურის რეალიზებას ახდენდა კრიზისში აღმოჩნდა – ტექნიციზმი ამ შემთხვევაში მოგვევლინა, როგორც ახალი ცხოვრების ახალი ფილოსოფია.

ადამიანი პირველ რიგში შეიმეცნებს ტექნიკას და ამ შემეცნების მეშვეობით საკუთარ თავს, საკითხი ტექნიკის შესახებ არის საკითხი ადამიანის შესახებ, ადამიანი საკუთარ თავს ქმნის და ფორმირებას ახდენს ტექნიკის მეშვეობით ".

ხელოვნება, მისი აზრით თავის თავში მოიცავს პრაქტიკულ–ტექნიკურის ცნებას. პირველსაწყისად არსებულ ყოფიერების სივრცეში უკვე არსებობს მკვეთრი დუალიზმი წინასწარგანსაზღვრულსა და აქტიურ გარდაქმნას შორის. აქტიური გარდამქმნელი საქმიანობა ანუ მწარმოებლური საქმიანობა, რაც ტექნიციზმის წარმომადგენლებთან ტექნიკის იდენტურია ახასიათებს მხოლოდ ადამიანს (ტექნკა და შრომა იგივეობრივია ) . ამ გარდამქნელი საქმიანობის გაფართოვება ჰქმნის ადამიანის შესაძლებლობების ფართო არსენალს, საიდანაც აღმოცენდება ხელოვნება. „ცოდნისა და შესაძლებლობების ყველა სახე" ტილლთან იწოდება ხელოვნებად. ხელოვნება პრაქტიკულ–ტექნიკური გარდაქმნაა და რაც უნდა ნატიფი იყოს იგი მაინც არ არსებობს ტექნიკის გარეშე. ხელოვნება, შემოქმედება არის ტექნიკური პროცესი. ტექნიკის ძირითადი პრინციპია – სრულყოფილება, შესაბამისად ხელოვნების ძირიტადი მიზანი უნდა იყოს – „გავხადოთ ევროპა სრულყოფილი ტექნიკის მეშვეობით"


ფრანკასტელი

ტექნიკა და ესთეტიკა"


ტექნიკა გაიგივებულია ადამიანის პრაქტიკულ მიზანდასახულ საქმიანობასთან. ხელოვნების ყველა სახე, მისი აზრით ჩაისახა ადამიანის პრაქტიკული საქმიანობის შედეგად და შეიქმნა შრომის პროცესში. ხელოვნება არის მშვენიერისა და სასარგებლოს ურთიერთობა, მშვენიერისა და იდეურის სინთეზი.


ხელოვნებას ფრანკასტელის აზრით ჭეშმარიტად სოციოლოგიური /სოციოლოგია მასთან გაიგივებულია ტექნიკურ ფაქტორთან/ ფუნქციები აქვს. თანამედროვე ადამიანის მისეულ კონცეფციაში კოლექტიურ მოთხოვნებში არაფერი არ იგულისხმება გარდა ეპოქის ტექნიკური შინაარსისა.


  • ტექნიციზმის ამოსავალი პრინციპია – ტექნიკა არის არა შრომის იარაღი, არამედ აქტიური, მიზანდასახული გარდამქნელი საქმიანობა;


  • ხელოვნება გაიგება, როგორც ტექნიკური ცოდნის, შესაძლებლობების სინონიმი. როგორც შესაძლებლობა ყოფიერების სრულყოფილი, მიზანშეწონილი მოწყობისა;


  • ხელოვნების იდეურობის, როგორც მთავარი ფაქტორის ლიკვიდაცია, რომელიც შესაბამისად გამოიხატება მხატვრული შემოქმედების პირდაპირ დამოკიდებულებაში ადამიანთა საზოგადოებრივი პრაქტიკის განვითარების კანონზომიერებებთან;


  • ტექნიციზმის ესთეტიკაში მთავარი აქცენტი ადამიანური იდეებიდან გადატანილია მანქანურ იდეებზე;


  • ესთეტიკური იდეალის უარყოფა;


  • სილამაზის როგორც ესთეტიკის მთავარი კატეგორიის ლიკვიდაცია და „სარგებლიანობის" აქცენტირება;


  • ტექნიციზმის ესთეტიკის მტავარი სფეროებია: არქიტექტურა და სკულპტურა.



პერსონალიზმის ესთეტიკა


ემანუელ მუნე


ფრანგული პერსონალიზმის ძირითად საკითხს წარმოადგენს ადამიანის არსსა და ყოველივე არსებულს შორის დასაბამისეული წინააღმდეგობის ფილოსოფიური პრობლემის ამოხსნა, კონკრეტულად, როგორ ახერხებს ცალკეული ადამიანი თანამედროვე სამყაროს სულიერი და მატერიალური კულტურის ათვისებას. განსაკუთრებული ზეგავლენა ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბებაზე იქონია შარლი პეგის იდეებმა, რომლის თეორიაში სინთეზირებულია ქრისტიანული და სოციალისტური მოტივები – „ვაპირებ გავწმინდო ნაციის სისხლი ღირებულებებისა და ინტელექტის რეფორმირების გზით" . პეგის ეს ცნობილი ლოზუნგი შემდგომ მუნემ გაიმეორა. როგორც რევოლუციური ლოზუნგი იგი მიმართული იყო ადამიანის აღზრდის მიმართულებით. მუნე შეეცდება კიდეც პრაქტიკულად ჩამოაყალიბოს „ელიტარული უმცირესობა" ჟურნალ „ისარის" გარშემო, ეს ელიტარული უმცირესობა მუნეს აზრით იქნება ინტელექტუალური, მორალური, რელიგიური ანუ ნაციის სინდისი და ნამუსი. ამ ელიტარული უმცირესობის მთავარი ამოცანა და მიზანი იქნება მომავალი თაობებისათვის ჭეშმარიტი შემოქმედების გაკვეთილების, მაღალმხატვრული გამოცდილების გადაცემა. მუნე აღნიშნავს, რომ მხატვრული შემოქმედების როლს ჯერ კიდევ არ აქვს სათანადო ადგილი მიჩენილი ნაციის განვითარებასა და წინსვლაში. ზოგიერთები თვლიან – აღნიშნავს მუნე, რომ როდესაც ჩვენ საუბარს ვიწყებთ ლიტერატურული საქმეების შესახებ, ამით ჩვენ ერთგვარ უკანდახევას ვაპირებთ. რა თქმა უნდა – არა. ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანა არის ჰუმანიზმის ძიება. თუკი ისტორიის განვითარების ამ ეტაპზე პოლიტიკა და ეკონომიკა მართავენ ყველა მიმართულებას, ჩვენს ამოცანას წარმოადგენს განვსაზღვროთ რა იქნება ადამიანის მომავალი ხვალ?. ეს მომავალი, მუნეს აზრით არის მხატვრულ შემოქმედებაში, თეორიულ მოღვაწეობაში. პერსონალისტები ცდილობენ მხატვრული შემოქმედება ადამიანის მიზანდასახული საქმიანობის სფეროში, ამ საქმიანობის გეგმაში, შეიტანონ როგორც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სფერო. ადამიანის საქმიანობა პერსონალისტებს ესმით როგორც მოძრაობა ადამიანის შინაგანი სამყაროდან დაწყებული მის გარეგნულ გამოხატვა–გამოსახვამდე, რაც ხორციელდება უმეტეს შემთხვევაში არა რაციონალურ, არამედ პოეტურ, მხატვრულ ფორმებში. ადამიანი თავისი საქმიანობის პოეტურ ფორმაში წარმართვით, ამ საქმიანობის გარდამქნელი ხასიათის გამო საზრისს შეიტანს ბუნებაში ანუ ახდენს მის პერსონალიზაციასა და სამყაროს გარდაქმნას თავისი მიზნების შესაბამისად. მუნე იტყვის, რომ „პირველია პოეტური მოძრაობა ადამიანის, როდესაც სიტყვის მეშვეობით შეიტანა ადამიანმა სამყაროში საზრისი, შემდგომ მოქმედების მეშვეობით დაიპყრო იგი და გარდაქმნა. შედეგად მიიღო ის, რომ ადამიანი დიალოგში შევიდა საგნებთან, გადავიდა მათთან შენობით კონტაქტში და მიმართა ეს საგნები საკუთარი მე – პერსონალური ყოფისაკენ".

  • ხელოვნება პერსონალისტების კონცეფციის მიხედვით არის შემეცნების შესაძლებლობა, აგრეთვე ხელოვნება არის თვით–ცნობიერება, შემეცნება;.

  • პოეზია არის გასაღები, რომელიც გვიღებს სამყაროს საიდუმლო კარებს. ამგვარად მხატვრული შემოქმედება ბუნებრივადაა ჩართული ადამიანის საქმიანობაში, ადამიანთა ურთიერთობებში საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და სამყაროსთან;

  • პერსონალისტების ერთ–ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგებს მხატვრული შემოქმედების აღორძინება, ადამიანური საქმიანობის პოეტური ხასიათის დამკვიდრება, ადამიანის აღზრდა, როგორც ესთეტიკურად სრულყოფილი პიროვნების;

  • პოეტური თვითგამოხატვა პერსონალისტებისათვის წარმოადგენს ჰარმონიული ცხოვრების იდეალს – „ხელოვნება არის სხეულისა და სულის ფაქიზი ურთიერთთანხმობა";

  • ესთეტიკური მიმართება სამყაროსთან პერსონალისების აზრით უნდა დაფიქსირდეს ცხოვრებისეული საქმიანობის ყველა სფეროში.

ნებისმიერი ადამიანური საქმიანობის ანალოგიურად მხატვრული შემოქმედების საფუძველში ძევს ადამიანის ცოცხალი აქტიურობა. ყველა ადამიანი წარმოადგენს მხატვარს, იმ შემთხვევაში როდესაც იგი ადის ისეთ სიმაღლეზე, რომელზეც ჩვენ ცნობიერების სრული სინათლე გვეძლევა, სადაც სული და სხეული ჰარმონიულად ვითარდება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ:

  • ხელოვნება არის პიროვნების ობიექტური თვითგამოხატვა;

  • ხელოვნება არის კომუნიკაციის საშუალება, რადგან იგი ყოველთვის მიმართულია მეორე ადამიანზე;

  • მხატვრული შემოქმედება მიმართულია ბუნების გარდაქმნის, მისი განსულიერების, გაადამიანურებისაკენ, როგორც ნებისმიერი სხვა საქმიანობა ადამიანის იგი კონსტრუქციულია.

პერსონალისტების აზრით, ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც თავიდანვე შემოქმედებით ხასიათს ატარებს უნდა შეივსოს ესთეტიკური შინაარსით. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში და იმ პირობით, თუ ადამიანს დავუბრუნებთ შემოქმედებით საწყისს, რომელიც მან ტექნიკური პროგრესის პირობებში დაკარგა.

მხატვრული შემოქმედება არის ადამიანის საქმიანობის ყველაზე უმაღლესი ფორმა, რადგან ადამიანი მხატვრული შემოქმედების პროცესში ახდენს სრულ თვითრეალიზაციას, გვევლინება, როგორც თავისუფალი, მიზანდასახული სუბიექტი, რომელიც აითვისებს სამყაროს სილამაზის კანონების მიხედვით – ამასი ხედავს პერსონალიმი სწორედ ადამიანის სრულყოფილების საფუძველს.



მარქსისტული ესთეტიკა


მარქსისტული ესთეტიკის ჩამოყალიბება ესთეტიკის ისტორიაში ერთ–ერთ საინტერესო მომენტს წარმოადგენს. მისი ფილოსოფიური თეორიული საფუძველი გახლდათ მარქსისტული ფილოსოფია – დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი.


მარქსისტული ესთეტიკის ერთ–ერთი ცენტრალური დებულებაა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ესთეტიკური ცნობიერება და მისი ფორმები წარმოადგენენ ობიექტური საქმიანობის ასახვას. მათი წარმოშობის, განვითარების, აღმავლობა–დაღმავლობის ფუნდამენტი ძევს ადამიანთა ცხოვრების რეალურ პროცესებში.


მარქსმა და ენგელსმა აჩვენეს საზოგადოებრივი პრაქტიკის როლი ადამიანის, როგორც ესთეტიკური სუბიექტის ჩამოყალიბების პროცესში. მათ გვიჩვენეს აგრეთვე ესთეტიკური ცნობიერების დამოკიდებულება კლასობრივ ბრძოლაზე ანტაგონისტური ფორმაციების პერიოდში. მარქსისა და ენგელსის აზრით ესთეტიკური ცნობიერების ყველაზე სრულყოფილი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ არა–კლასობრივ საზოგადოებაში. ამგვარი საზოგადოებისაკენ მისასვლელი გზა არის – რევოლუციური გზა. მარქსისტულ ესთეტიკაში ცალკე ეტაპს წარმოადგენს აგრეთვე ლენინიზმის ესთეტიკა, რომელმაც ფილოსოფიურ–ესთეტიკურად დააფუძნა ისეთი მასშტაბური და ხანგრძლივი მიმდინარეობა ხელოვნებაში როგორიც იყო სოციალისტური რეალიზმი.

მარქსიზმის ესთეტიკის თანახმად ხელოვნების, მახატვრული შემოქმედების განვითარება შეუძლებელია სახელმწიფოებრივი წყობისაგან, კონკრეტული ნაციის კულტურისა და მეცნიერებისაგან მოწყვეტით.

მარქსმა და ენგელსმა ჩამოაყალიბეს ესთეტიკური ცნობიერების წარმოშობისა და სპეციფიკის ჭესმარიტად მატერიალისტური ახსნა. ისინი ესთეტიკურ ცნობიერებას არ განიხილავდნენ, როგორც ადამიანის თანდაყოლილ ღირსებას, პირიქით ესთეტიკური ცნობიერებს განვითარებას უკავშირებდნენ ობიექტური სამყაროს ათვისების სხვადასხვა ფორმებს. მარქსისათვის „ესთეტიკური" არის სამყაროს შემეცნების ერთ–ერთი ფორმა და მასზე ზემოქმედების იარაღი.

მარქსისტული ესთეტიკის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს დებულება, რომ როგორც ესთეტიკური შემეცნება, აგრეთვე ესთეტიკური საქმიანობა თავსდება ადამიანის სამყაროსთან პრაქტიკული მიმართების სივრცეში. შემოქმედება, მათი აზრით წარმოიშვება „სილამაზის კანონების" მიხედვით შრომითი საქმიანობის საფუძველზე და წარმოადგენს მის დამატებას. შრომით პროცესის დროს ადამიანი ვითარდება და ყალიბდება არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ სულიერადაც. (ცნობილი ლოზუნგი :"შრომა აკეთილშობილებს ადამიანს") შრომითი პროცესის მთავარ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იგი ატარებს მიზანდასახულ ხასიათს და ხორციელდება მის მიერვე შექმნილი იარაღების საშუალებით. მხოლოდ შრომითი პროცესის მეშვეობით ადამიანის ხელმა მიაღწია განვითარების იმ საფეხურს, როდესაც შექმნა მაღალმხატვრული ქმნილებები და იმავდროულად პუბლიკა, აუდიტორია, რომელსაც შეუძლია ხელოვნების გაგება და ეს ხელოვნება ხდება მისი ტკბობის ერთ–ერთი წყარო: წარმოება აწარმოებს არა მხოლოდ საგანს სუბიექტისათვის, არამედ სუბიექტს საგნისათვის".

რაც უფრო ფართოდ ვითარდება ადამიანის საქმიანობა, მისი პრაქტიკული მიმართება სამყაროსთან, მით უფრო მეტად ვითარდება თვითონ ადამიანიც. ამდენად სამყაროს ესთეტიკური ათვისება წარმოიშვება ადამიანის მატერიალურ–მწარმოებლური საქმიანობის შედეგად. ამ საქმიანობის განვითარებასთან ერთად ფორმირდება ადამიანის გრძნობები, მათ შორის ესთეტიკური და ადამიანი თავისუფლდება ცხოველური, ინსტიქტური ფორმებისაგან. ესთეტიკური ცნობიერების საბოლოო ჩამოყალიბება ხდება მაშინ, როდესაც მიმდინარეობს შრომის დანაწილება და ხელოვნება გამოცალკევდება ადამიანის საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა სახეებისაგან.

მარქსისტული ესთეტიკს თანახმას ესთეტიკური კატეგორიები ჩნდება ცნობიერებისა და პრაქტიკის ისტორიული განვითარების პროცესში(მშვენიერი, ამაღლებული, ტრაგიკული, კომიკური). ესთეტიკური კატეგორიების გაგების სიძნელე მარქსისტული ესთეტიკის თანახმად მდგომარეობას იმაში, რომ მათში ასახვას პოვებენ არა მხოლოდ სამყაროს ობიექტური თავისებურებანი, არამედ სუბიექტის მიმართება სამყაროსთან, სინამდვილესთან. აქ ჩნდება სწორედ სუბიექტ–ობიექტის ურთიერთმიმართების საკმაოდ რთული ფილოსოფიური პრობლემა. საინტერესოა ესთეტიკურ კატეგორიებთან (ტრაგიკული, კომიკური) დაკავშირებით მათი მოსაზრება, რომლის თანახმადაც როგორც ტრაგიკულის, ისე კომიკურის საფუძველი არის სოციალური განვითარების ობიექტური კანონზომიერებები. მარქსიზმის ესთეტიკა არაერთგზის უსვამს ხაზს ესთტიკურ–მხატვრული ცნობიერების შემეცნებით ხასიათს.

მარქსიზმის ესთეტიკისათვის განმსაზღვრელია აგრეთვე დებულება იმის თაობაზე, რომ არცერთი მოვლენა არ შეიძლება გავიგოთ სხვა საზოგადოებრივი მოვლენისაგან მოწყვეტით, ეს დებულება მათი აზრით მართებულია ხელოვნების მიმართაც, კონკრეტულად მარქსისტული ესთეტიკის თანახმად ხელოვნება სოციალური ბუნებს მატარებელია.

ხელოვნება წარმოადგენს ისტორიული პროცესის ნაწილს, რომლის მატერიალური საფუძველი მწარმოებლური ძალებისა და წარმოების გნვითარებაა. საზოგადოებრივი ურთიერთობების რეალურ ბაზისს შეესაბამება საზოგადოებრივი ცნობიერების განსაზღვრული ფორმები. წარმოების საშუალებები განსაზღვრავენ სოციალურ, პოლიტიკურ პროცესებს.





ფენომენოლოგიური ესთეტიკა


მის თეორიულ–ფილოსოფიურ საფუძველს წარმოადგენს ჰუსერლის ფილოსოფია, კონკრეტულად მისი მოძღვრება ფენომენის შესახებ:

  • ფენომენი არის რეალური – მისი ჭვრეტა, ანალიზი შესაძლებელია ჩვენი ცნობიერების ინტენციის(მზერა, ყურადღება) შემოტრიალებით „უკან საგნებისაკენ";

  • ფენომენი ადამიანისათვის მოცემულია მთლიანობაში;

  • ფენომენის საგნობრიობა უცვლელად და მჭიდროდ არის დაკავშირებული ინტენციონალური (საგნებისაკენ შემოტრიალებული) ცნობიერების საგნობრივ მიმართულებასთან;

ფენომენოლოგიური ესთეტიკის ძირითადი წარმომადგენლები არიან: მარტინ ჰაიდეგერი და ნიკოლაი ჰარტმანი, რომელთა კვლევის ცენტრში დგას ხელოვნების ქმნილება – როგორც უშუალო მოცემულობის ესთეტიკური საგანი.


მატინ ჰაიდეგერი – ერთ–ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი

მარტინ ჰაიდეგერი ( დ. 26 სექტემბერი, 1889, მესკირხი, ბადენი – გ. 26 მაისი, 1976, იქვე), გერმანელი ფილოსოფოსი, XX საუკუნის ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა იეზუიტების სკოლაში, შემდეგ ჰ. რიკერტთან ფრაიბურგის უნივერსიტეტში (ბრაისგაუ). 1916 იყო ე. ჰუსერლის ასისტენტი, პროფესორი მარბურგის (1922-1928), ფრაიბურგის (1928-1945) უნივერსიტეტებში. 1933-1934 ფრაიბურგის უნივერსიტეტის რექტორი. 1945 ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა სოფელ ტოდტნაუბერგში. ჰაიდეგერის მოძღვრების ამოსავალია ს. კიერკეგორის ეგზიტენციალური განცდები და ფ. ნიცშეს ირაციონალიზმი, ხოლო მეთოდი - ე. ჰუსერლის ფენომენოლოგია და ვ. დილთაის ჰერმენევტიკა, საკუთარი ფილოსოფიის სახელმძღვანელო აზრთან მისვლას კი იგი ფ. ბრენტანოს უმადლის.

მოძღვრება


მისი მსოფმხედველობა ადრეულ ხანებში საზრდოობდა ფენომენოლოგიით,სიცოცხლის ფილოსოფიითა და დიალექტიკური თეოლოგიის მოტივებით.მისი ფილოსოფიის მთავარი საგანი იყო გაერკვია ყოფიერების საზრისი,მისი აზრით ,ადამიანის არსებობის ონტოლოგიური საფუძველია ადამიანის დაუსრულებლობა,დროულობა…ამიტომაც დროს განიხილავდა,როგორც ყოფიერების ყველაზე არსებით ნიშანს.მისი აზრით ,მთავარია გზის ერთიანობა, გზაზე სვლა. ..ფილოსოფოსობა არის ძიება, გზაზე ყოფნა…რისთვისაც აუცილებელია დასავლეთის რაციონალური და აღმოსავლეთის არაცნობითი აზროვნების შეხვედრა.ის თვლიდა,რომ ადმიანის არსებობა ეგზისტენციაა-ყოფიერებასთან ღია, დაუფარავი, ამავე დროს დაფარული მიმართება. ეგზისტენციალები მიუთითებენ ადამიანის არსებობის არანამდვილობასა(გაუცხოება, გადასროლილობა, Man და სხვ.)და ნამდვილობაზე(სინდისის ხმა, გადაწყვეტილობა, არჩევა და სხვ.). ინდივიდმა უნდა შეძლოს პირველიდან მეორემდე ამაღლება. საამისო იმანენტური ძალა მასშივეა: მარტოობისა და სიჩუმისდროს სინდისის უხმო ძახილი სწორედ ამას მოუწოდებს პიროვნებას. Man დაიძლევა მაშინ, როცა ინდივიდი გააცნობიერებს თავისი ყოფის სასრულობის განსაზღვრულობას; ნამდვილი პიროვნების ამოცანა ,,ჩახედოს თავის გარდაუვალ ხვედრს თვალებში” და გახდეს ,,თავისი სიკვდილის გმირი”,რადგან ადამიანის ყოფ ,,ნაპერწკალია წყვდიადში”, არარასთან დგომაა, ამიტომ პიროვნებამ საკუთარი გადაწყვეტით, თავისუფლებით უნდა განახორციელოს თავისი ერთჯერადი ცხოვრების აზრი.


ახალი მოაზროვნეებისთვის ადგილის განსათავისუფლებლად ჰაიდეგერმა უარყო ტრადიციული ფილოსოფია..იგი გზას ყოვლისმომცველი ყოფიერებისკენ იკაფავდა.მას სურდა ადამინს თავი დაეღწია საკუთარი თავისთვის..გასულიყო საზღვრებს გარეთ და ყოფიერების საკუთარი გაგების მიხედვით საკუთარი არსება შეექმნა.


ჰაიდეგერმა მთელი თავისი სამეცნიერო საქმიანობა ყოფიერებას მიუძღვნა.მისი აზრით ,ეს თემა უდიდესი ბერძენი მოაზროვნეების არისტოტელეს და პლატონის კვლევაძიების მაცოცხლებელი იყო.მაგრამ შემდეგ ტრადიციულმა ფილოსოფიამ ყოფიერება უზოგადეს,უცარიელეს ცნებად მიიჩნია.


მისი უდიდესი შრომის ნაყოფია,,ყოფიერება და დრო”.ეს საკმაოდ რთული და ვრცელი ფილოსოფიური ნაწარმოები.მოაზროვნეები ორ ნაკადად დაიყო,ერთნი ცდილობდნენ მისი ეგზისტენციალური აზროვნებით საკუთარი მეთოდები დაეხვეწათ,მეორენი კი იქამდეც კი მიდიოდნენ, ბრალი დაედოთ მისთვის და ამისთვის ძალას არ იშურებდნენ.


ჰაიდეგერი მტკიცედ იყო დარწმუნებული,რომ მან აზროვნებისრადიკალურად ახალი განზომილება აღმოაჩინა,ის იმ ძალებისა და გზების ძიებაში იყო,რომლითაც შეძლებდა მისი პრინციპების განხორციელებას.ამ ძიებაში ,საუბედუროდ, თავისი ბედი ფაშისტებს დაუკავშირა.,,დიდი ადამიანები დიდ შეცდომებს ჩადიან”.მას არაერთი გამოუსწორებელი ნაბიჯის გადადგმა მოუხდა.მსოფლიო ომის შემდეგ ფრანგულმა საოკუპაციო მთავრობამ პენსიაზე უარი უთხრა და აუკრძალა უნივერსიტეტში ყოველგვარი საქმიანობაც.


იმედგაცრუებული ,შეცვლილი დაბრუნდა მშობლიურ მესკირხში და დაიწყო მისი შემოქმედების ახალი ეტაპი.აქ დაიწერა,,თემშარა”(ანუ,,თემშარას რჩევა”) რჩევა გულისხმობს გამხნევებას,დამოძღვრას…განდევნილი ფილოსოფოსი გაჰყურებს თავისი ბავშვობის თემშარას და ახლა ხვდება ,რომ სწორედ მან მისცა პირველი და უდიდესი გამოცდილება.


დიდი მოაზროვნე გარდაიცვალა 1976წლის 26 მაისს გერმანიის ქალაქ ბადენში.დაკრძალულია იქვე.


ფილოსოფოსის ენა ცოტა არ იყოს,რთულია,მისი აზრებისთვის არ არსებობენ არა მარტო სიტყვები,არამედ გრამატიკაც,მაგრამ რამდენადაც რთული გასაგებია,იმდენად საინტერესო,იდუმალი და ამოუწურველია მისი ნააზრევი.მისი ნაწარმოებები დაუოკებელი ძალით გითრევს და გიზიდავს.


ხელოვნების თეორია – ჩამოყალიბებულია ჰაიდეგერის ლექციებში(1953)


მთავარი თეზისი – ხელოვნების ნაწარმოები ჭეშმარიტებას აღმოაჩენს. მხატვრული ნაწარმოები არ არის საგანი, მისი განხილვა, როგორც საგნობრიობის არის მეტაფიზიკური შეზღუდულობა, რომლის საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ კულტურულ ყოფიერებაში ხელოვნების ნაწარმოები, ზოგჯერ გვევლინება, როგორც მოხმარების საგანი.

ერთადერთი ჭეშმარიტი მიმართება, რომელიც მხატვრულ ნაწარმოებს ახასიათებს არის მისი საკუთრივი ყოფიერება, კერძოდ მიმართება იმ რეალობასთან, რომელიც მასში იხსნება, გამოისახება, მიმართება სამყაროსთან, სამყაროს ჭეშმარიტებასთან.

ჭეშმარიტების არსება ჰაიდეგერთან მდგომარეობს შემეცნების თანხმობაში საგნებთან, აზრის თანხმობაში არსთან. ჭეშმარიტება არ არის განსჯაში და არც სინამდვილეში ადამიანის გარეშე.

ჭეშმარიტების აღმოჩენა ხორციელდება ხელოვნების ნაწარმოებში და არ არის შემეცნების რეზულტატი. ის მუდმივი მიმდინარეობის, ხდომილების პროცესშია. ჭეშმარიტება მზამზარეულად არასოდესაა მოცემული. ხელოვნება არის ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისათვის.


ენისა და პოეზიის მიმართება


ჰაიდეგერის აზრით ენა, როგორც ვერბალური ინსტრუმენტი ჩვეულებრივ საკომუნიკაციო სიტუაციაში არის აზრის გადაცემისა და ურთიერთგაგების საშუალება. პოეზიაში კი ენა ხსნის არსებითს, იგი აფორმებს და გახსნის სამყაროს ჩვენთვის. თუ არ არსებობს სამყარო ადამიანის გარეშე, ადამიანი არ შეიძლება იყოს ენის გარეშე

ყველა ხელოვნება არის ერთგვარი პოეზია

ენა თავისი არსებითი მნიშვნელობით არის პოეზია. პოეზის არსება კი ჭეშმარიტების განმტკიცებაა.


წარმომადგენელი:


ნიკოლაი ჰარტმანი

(გერმ. Nicolai Hartmann) (დ. 20 თებერვალი, 1882, რიგა ― გ. 9 ოქტომბერი, 1950, გეტინგენი), გერმანელი ფილოსოფოსი, კრიტიკული ონტოლოგიის ფუძემდებელი. 1920-1945 მარბურგის, კელნის, ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტების პროფესორია.

ბიოგრაფია [რედაქტირება]


ჰარტმანი ჯერ პ. ნატორპის მოწაფე იყო და მარბურგის სკოლის ნეოკანტიანელთა პოზიციებს იცავდა ("არსის პლატონისეულ ლოგიკა", 1909, "მათემატიკის ფილოსოფიური საფუძვლები პროკლესთან", 1909), შემდეგ კი ე. ჰუსერლის გავლენით დაიწყო გნოსეოლოგიის საზღვრების გადალახვა და "თვით საგნებისაკენ" სვლა. ჰარტმანი მოითხოვს კვლევის დამყარებას მეტაფიზიკის მინიმუმზე, იდეალიზმისა და რეალიზმზე მაღლა დგომისა და თვალსაზრისამდელ პოზიციებზე, გვთავაზობს ობიექტური იდეალიზმის, როგორც ღია სისტემის, საკუთარ გაგებას ("შემეცნების მეტაფიზიკის ძირითადი ნიშნები", 1921), რომელიც შემდგომში განახორციელა დიდ ფაქტობრის მასალასა და ტრადიციის ათვისებაზე ("გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია", ტ. 1, 1923, ტ. 2, 1929) დამყარებით. ეს სისტემა წარმოადგინა შრომებში: "გონითი არსის პრობლემა" (1933), "ონტოლოგიის დაფუძნებისათვის" (1935), "შესაძლებლობა და სინამდვილე" (1938), "რეალური სამყაროს აგებულება" (1940), "ბუნების ფილოსოფია" (1950); აღსანიშნავია აგრეთვე "ეთიკა", რომელიც მ. შელერის გავლენითაა დაწერილი (1926) და უკანასკნელი შრომა "ესთეტიკა" (1953). ჰარტმანმა დაწვრილებით დაამუშავა კატეგორიების პრობლემა, განასხვავა მათი სფეროები და ფენები, დაინახა დიალექტიკის საჭიროება, მაგრამ ვერ განასხვავა ერთმანეთისაგან ტელეოლოგია და განვითარების თეორია და ორივე უარყო, აღიარა მხოლოდ "ჰორიზონტალური" და არა "ვერტიკალური" დიალექტიკა, ამიტომ სისტემის ერთიანობა ვერ დააფუძნა. ჰარტმანის გავლენა განიცადეს გ. იაკობიმ, გ. მარტინმა, ჰ. ვაინმა, მ. ლანდმანმა და სხვ. ჰარტმანის ხელმძღვანელობით 1922 მარბურგში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა მ. გოგიბერიძემ. (ლიტერატურა [რედაქტირება] ბაკურია მ., ნ. პარტმანის ზოგადი კატეგოროლოგიის კრიტიკისათვის, თბ., 1985; გოგიბერიძე მ., შემეცნების საგნის პრობლემა, «თსუ მოამბე», 1929, ტ. 9;თევზაძე გ., ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა, თბ., 1967;

თევზაძე გ., ქსე, ტ. 11, გვ. 605, თბ., 1987)


ნილოლაი ჰარტმანი თავის „კრიტიკულ ონტოლოგიაში" უარყოფს ესთეტიკის პრაქტიკულ ორიენტაციას. ესთეტიკას შეუძლია შეიმეცნოს მშვენიერი და შეისწავლოს მისი გვარ–სახეები. ესთეტიკას აქვს ანალიზის ოთხი სახე: . ორი მათ შორის უკავშირდება ესთეტიკური საგნის კვლევას; დანარჩენი ორი შემოქმედების აქტისა და მისი აღქმის განხილვას. ჰარტმანი გამოყოფს ორ ძირითად პრობლემას – ხელოვნების ნაწარმოების სტრუქტურის შესახებ: მშვენიერის, როგორც ესთეტიკის უნივერსალური კატეგორიის შესახებ.

მშვენიერი ყოველთვის არის კონკრეტული საგანი. საგნები, როგორც მშვენიერების მატარებლები ყოველთვის არსებობენ ობიექტურად. მშვენიერი საგანი არის არა საგანი თავისთავად, არამედ საგანი ჩვენთვის. შემმეცნებლის გარეშე ეს საგანი არ არსებობს. თითოეულ საგანში, იმ ფენის მიღმა, რომელიც გრძნობისთვისაა მოცემული, არსებობს ფენა, რომელიც მხოლოდ ინტუიციისათვის არის მისაწვდომი – ეს არის სულიერი შინაარსის სფერო. ამ უკანა ფენის ურთიერთობა და ზეგავლენა გრძნობად ფენაზე არის ესთეტიკის საგნის არსება. ეს უკანა – სულიერი ფენა, თავის მხრივ დანაწევრებულია ფენების თანმიმდევრობად. ყველა ეს ფენა ირეალურია და მხოლოდ აღმქმელი სუბიექტისათვის გამოვლინდება.

თუ ყოფიერების ორმაგი შესაძლებლობა არის მხატვრული ნაწარმოების არსებობის ონტოლოგიური საფუძველი, ირეალური ფენის მრავალფენად დანაწევრება აჩვენებს ხელოვნების მნიშვნელობისა და აზრის სიღრმეს, მის ღირებულებას. ესთეტიკაში იგი დიდი ყურადღებას უთმობს აგრეთვე სხვადასხვა სახისა და გვარის მხატვრული ნაწარმოებების ფენათა თანმიმდევრულ განლაგებას.

პირველი – რეალური არის საღებავის ლაქები ტილოზე – ტილოს ორგანზომილებიანი სივრცე;

მეორე რეალური – სამგანზომილებიანი სივრცე /ტილო ჩემთან ერთად/;

მესამე – ირეალური სინათლე, როგორც ტილოზე გამოსახული ფიგურის ნაწილი;

მეოთხე – ფიგური სცოცხალი სხეულებრივი გამონათება, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ადამიანი მისი შინაგანი სამყაროთი, ხასიათით, ცხოვრების გარემოებებით.

ამ ფენის უკან კიდევ არის ფენა, სადაც ვლინება პიროვნების ინდივიდუალურობის, განუმეორებლობისა და ერთადერთობის იდეა. ეს ფენა ყველაზე ღრმა ფენას წარმოადგენს. ზოგადსაკაცობრიოს, რომელიც ყველასთან ერთად თითოეულსაც შეეხება.

ნანახია: 2685 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024
ძებნა საიტზე
Google ძებნა
რეკლამა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 11
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
top.ge
Website builder - uCoz