პარასკევი, 29.03.2024, 15:26
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
.
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
200
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 ბლოგი
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 11 » მაურიციო კატელანი: “ეს დროის ნიშანია. 1960-იან წლებში ყველას შეეძლო ხელოვანი გამხდარიყო; დღეს ყველას ფულის კეთება უნდა...”
13:24
მაურიციო კატელანი: “ეს დროის ნიშანია. 1960-იან წლებში ყველას შეეძლო ხელოვანი გამხდარიყო; დღეს ყველას ფულის კეთება უნდა...”
მისი მხატვრული რეაქციები იდეების კრიზისზე, სტერეოტიპებზე, სოციალურსა თუ პოლიტიკურ პრობლემებზე არასდროს დაგტოვებთ გულგრილს მიუხედავად იმისა, თანამედროვე ხელოვნების საკმაოდ რთულსა და პრეტენზიულ ენაში ერკვევით თუ არა...

მაურიციო კატელანის ნამუშევრები შეიძლება დახასიათდეს როგორც ორაზროვანი, შოკისმომგვრელი, ტაბუების დამანგრეველი, პროვოკაციული, არაპროგნოზირებადი და ა.შ.. მას თანამედროვე ხელოვნების "მასხარად” იცნობენ, რომელიც თავისუფალია როგორც კონიუნქტურისაგან, ისე კორექტულობისაგან. კლასიკური იკონოგრაფია როგორ ტრანსფორმაციას განიცდის თანამედროვე ხელოვნებაში, მაურიციო კატელანის ნამუშევრებში შეიძლება ნახოთ. 1998 წელს გამოფენილი "იესო ნაზარეველი” სკულპტურა იყო – სახედარი (ფიტული) ზურგზე აკიდებული ტვირთით – ძველი, მასიური ტელევიზორით. ერთია, რომ მასმედიისა და პოპ კულტურის გავლენა, მისი ძალაუფლება XX საუკუნის კულტურული დისკურსის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და მეორე, თუ მისი კრიტიკა როგორ ვიზუალურ ფორმას იღებს ამ ხელოვანთან. მთელი ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი სცენა - როგორ შედის იესო სახედარზე ამხედრებული იერუსალიმში, სადაც მას პალმის რტოებით ეგებებიან, ამ შემთხვევაში მასმედიის ტვირთით დამძიმებულ საწყალი ცხოველის ფიტულად იქცა. რა თქმა უნდა, ესეც დროის ნიშანია, როგორც სათაურად გამოტანილი რეპლიკა ფულზე კონცენტრირებული არტ სამყაროს შესახებ. დღევანდელი სიტუაცია ნამდვილად განსხვავდება იმისაგან, რაც 1960-იანებში ხდებოდა. ბოისის ცნობილი ლოზუნგი - "ყველა ადამიანი მხატვარია”, - ასევე დროის ნიშანი იყო, თუმცა ეს დრო ჩვენს სივრცეში საეთოდაც არ ყოფილა, მის მიღმა ჩაიარა და ჩვენს მხატვრებს დღემდე უკმარისობის გრძნობა აქვთ, რომ ამ ეპოქამ მათი მონაწილეობის გარეშე ამოწურა თავისი ამოცანები. რაც შეეხება არტ სამყაროს დღევანდელ პრობლემატიკას, სამწუხაროდ ჩვენი სივრცე აქაც არ არის ინტეგრირებული და შესაბამისად საერთო პროცესებშიც ვერ მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, რომ Dდღეისთვის ისეთ სწორხაზოვან იზოლაციაში აღარ ვიმყოფებით, როგორც ეს ოდესღაც იყო... დავუბრუნდები ისევ მაურიციო კატელანსა და მის გონებამახვილურ კომენტარებს არტ სამყაროს პერვერსიებზე. ნიუ-იორკში ჩელსის ურიცხვი გალერეების წყებას რამდენიმე წლის წინ ერთი ახალიც დაემატა, რომელსაც ერთი შეხედვით სხვებისაგან ვერავინ განასხვავებდა, რომ არა წარწერა "Wrong Gallery,”- ეს მხოლოდ გალერეის ძვირადღირებული კარი იყო და თვითონ მისი ფართობი კი ორნახევარ კვადრატულ ფუტს უდრიდა. იქ, რა თქმა უნდა, გამფენასაც ვერ მოაწყობდნენ. ანუ, ეს სრულიად არაკომერციული ინსტიტუცია იყო არტ სამყაროს მზარდი კომერციალიზაციის სისტემაში. გალერეა-ფიქცია თვითონ იქცა ექსპონატად და 2005 წელს ნიუ-იორკიდან Tate Gallery-ში გადაინაცვლა... იდეების დეფიციტი, საერთაშორისო პროექტების პოლიტიზირება და კომერციალიზაცია, ხელოვნებაში ტექნოლოგიების დომინანტურობა და გალერეების უფუნქციობა საკითხებია, რაზეც კვლევითი მუშაობაც ხდება, დისკუსიებიც ეწყობა და მხატვრებიც რეაგირებენ. თუ სად, როდის და როგორ, ეს უკვე სხვა საკითხია...

როგორია თანამედროვე ხელოვნების ამოცანები და ვინ ქმნის დღეს ღირებულ ხელოვნებას? – ამ თემაზე ერთგვაროვანი პასუხის გაცემა შეუძლებელი იქნება. ეს უფრო მარტივად ასახსნელი იქნებოდა ოცდაათი წლის წინ, როცა თანამედროვე ხელოვნების სივრცე ძირითადად დასავლეთ ევროპითა და აშშ-თი შემოიფარგლებოდა. დღეისთვის ეს სივრცე ძალიან გაიზარდა და ასევე გაიზარდა საერთაშორისო არტ ფორუმების მასშტაბები. მართალია, ამინდს ისევ ის ძირითადი ბირთვი ქმნის, მაგრამ საერთო სურათი ძალიან გართულებულია უკვე პოსტ ტოტალიტარული კულტურული დინამიკითაც.

თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთმა ვარსკვლავმა პოსტ ტოტალიტარული სამყაროდან – ჩინელმა აი ვეივეიმ რამდენიმე თვის წინ Tate modern-ის უზარმაზარ ჰოლში წარმოადგინა შთამბეჭდავ პროექტი – ინსტალაცია "მზესუმზირის მარცვლები”, - პორცელანისაგან დამზადებული ნატურალური ზომის მზესუმზირის ასი მილიონი მარცვალი, რომელიც ჩინური მანუფაქტურების ათი ათასობით თანამშრომელმა დაამზადა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძვირად ღირებული პროექტია და მისი ავტორიც არ არის მოკლებული სოლიდურ ჰონორარებსაც და სკანდალებსაც. რა მესიჯია ამ ზღაპრული მასშტაბის პროექტში? – ჩინური კულტურის ტრადიცია, ისტორია და დღევანდელი გაგება ტერმინისა "Made in China.” მოკლედ, საქმე იდენტობას ეხება. რაზეც პოსტ ტოტალიტარული სამყაროს ხელოვნება მუშაობს, ძირითადად ეს იდენტობის საკითხია. ეს ხელოვანები (ამ შემთხვევაში წარმატებულებს ვგულისხმობ) დასავლეთში განვითარებული თანამედროვე ხელოვნების ალფავიტით მეტყველებენ, მაგრამ ინდივიდუალურ შინაარსს ავითარებენ. მსგავსივე იქნება თანამედროვე ქართული ხელოვნების ამოცანებიც და მხოლოდ ამის გააზრების შემდეგ თუ იქნება შესაძლებელი ზოგადი პრობლემების ირგვლივ დისკუსიებში მონაწილეობა, თუნდაც ეპოქის იმ ნიშნის შესახებ, როგორიც ფულზე კონცენტრირებული ხელოვნებაა.
ნანახია: 1435 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024
ძებნა საიტზე
Google ძებნა
რეკლამა
ჩვენი გამოკითხვა
აიღებთ თუ არა ჩიპიან (ბიომეტრულ) პასპორტს?
სულ პასუხი: 11
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
top.ge
Website builder - uCoz