პარასკევი, 26.04.2024, 03:05
forum
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, Гость · RSS
.
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
200
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 ბლოგი
მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » მხატვრული შემოქმედების პროცესი – ფროიდი
20:23
მხატვრული შემოქმედების პროცესი – ფროიდი

ფროიდის კონცეფციაში, მხატვრული შემოქმედების ანალიზს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მხატვრული შემოქმედებით ფროიდის დაინტერესება იწყება ფსიქიატრიული მკურნალობის ფსიქოანალიზური მეთოდის შექმნის პარალელეურად. მხატვრული შემოქმედება მასთან გადაიქცევა ფსიქოანალიზის, როგორც მეთოდის ერთ–ერთ ძირითად კომპონენტად, რომელსაც თავისი თეორიული და პრაქტიკული ფუნქციები გააჩნია. სწორედ აქედან იწყება ესთეტიკაში მხატვრული შემოქმედების პროცესის ცენტრალურ, პირველხარისხოვან პრობლემად გადმონაცვლება.

ფსიქოანალიზის ჩვენს მიერ გადმოცემული პრინციპული დებულებები თეორიულ ფუნდამენტს წარმოადგენენ ფროიდის მხატვრული შემოქმედების თეორიისათვის. ფროიდისათვის ხელოვნება წარმოადგენს „არაცნობიერის სუბლიმაციის" შედეგს. ხელოვნება, ამბობს ფროიდი იქმნება იმ არაცნობიერი ენერგიით, რომელიც დაგროვილია თანდაყოლილ (ზედროულ და უცვლელ) ინსტიქტებში, გვაროვნულ მოგონებებში. ხელოვანი იკვებება ჩვენს არაცნობიერში უცვლელად მცხოვრები ისტორიამდელი ადამიანის ფსიქოლოგიით.

ხელოვნების ბუნების, კონკრეტული მხატვრული ნაწარმოების შექმნისა და აღქმის სპეციფიკის ანალიზი ფროიდთან დაქვემდებარებულია უფრო ზოგადი კატეგორიის – კულტურის შესახებ მსჯელობებზე. კულტურას ფროიდი უწოდებს ადამიანის საქმიანობისა და ღირებულების ყველა ფორმას, რომლებსაც კი მისთვის სარგებლობა მოაქვს. კულტურა – ფროიდის თანახმად– არის ბუნების ძალების ათვისება, ტექნიკის განვითარება, ადამინის მიერ „დამხმარე ორგანოების" თანდათან დაგროვება –ფოტოკამერა, ტელეფონი და ა.შ. რაც უფრო მდიდარი და მარავალგვარი ხდება ადამინის მიღწევები, მით უფრო აქტიურად ამყარებს ადამინი შეხედულებას თავის ყოვლისშემლეობაზე.

ფროიდი ადამიანს განსაზღვრავს როგორც „პროტებზე დაყრდნობილ ღმერთს". იგი მძლავრია (რაც კულტურის მონაპოვარია) და იმავდროულად უბედურიც/რადგან მას ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს/. აქედან გამომდინარე ფროიდი მიდის დასკვნამდე, რომ: თანამედროვე ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ იგი სახეა და მსგავსება ღმერთის /მართალია ღმერთია პროთეზებით/მაგრამ თავს ბედნიერად მაინც ვერ გრძნობს.

ფროიდი თვლის, რომ კულტურის ისტორიული განვითარება იმითაა მოტივირებული, რომ დაეხმაროს ადამიანს იპოვოს ცხოვრების საზრისი და მიაღწიოს მიზანს. ფროიდისათვის ცხოვრების საზრისი და მიზანი მდგომარეობს ბედნიერებისაკენ ყოფნის მისწრაფებაში.




მაგრამ ბედნიერების მდგომარეობა შეზღუდულია საწინააღმდეგო მდგომარეობით–ტანჯვით, რომელსაც სამმაგი წყარო აქვს:

  • საკუთარი სხეული/რომელიც ბერდება და ექვემდებარება ტკივილისა და შიშის სიგნალებს /;

  • გარეგანი სამყარო/რომელსაც შეუძლია ადამიანზე დამანგრეველი ძალით ზემოქმედება/;

  • სხვა ადამიანებთან ურთიერთობა.

ფროიდის აზრით კულტურის განვითარების შედეგი აღმოჩნდა ნახევრადმძლავრი ადამინი – პროტეზებზე დაყრდნობილი ღმერთი და მეორეს მხრივ –ტანჯვის განცდა, რომელიც ყველაზე ძლიერი მტრული ძალაა ადამიანის ბედნიერებისა. გამომდინარე აქედან თავისი კულტურის თეორიის ერთ–ერთ ძირითად ამოცანად ფროიდი ხედავს „ტანჯვისაგან" გაქცევის წესების გამომუშავებაში.


იგი გამოყოფს 5 ძირითად წესს:

    1. მარტოობა – ადამიანებისაგან შეგნებული მოწყვეტა;

    2. საკუთარ ორგანიზმზე ფიზიკური ზემოქმედება /გამაბრუებელი ქიმიური პრეპარატები/

    3. ნარკოტიკების გამოყენება რომელიც გვეხმარება მივაღწიოთ გარე სამყაროსაგან დამოუკიდებლობის უმაღლეს ხარისხს

    4. ჩვენი ველური, მოუთოკავი იმპულსების თავის ნებაზე მიშვებით განცდილი ბედნიერება და საერთოდ „აკრძალული ხილის" მიმზიდველი ძალა

    5. ხელოვანის საქმიანობა, შემოქმედების პროცესი და „ფანტაზიის სახეების რეალობაში სიხარული "/აქვე ფროიდი ასახელებს მეცნიერული შემოქმდების პროცესს, შემეცნებისა და ჭეშმარიტების მიღწევის სიხარულს/ ტანჯვისაგან თავისუფლდება არა მარტო ხელოვანი, არამედ ისიც ვინც ხელოვნებას აღიქვამს



როგორც ვხედავთ, კულტურის შეხაბ მსჯელობათა კონტექტში ხელოვნება გამოდის როგორც ერთ–ერთი წესი ტანჯვისაგან გაქცევისა, თავისებური დამაწყნარებელი, , „მიმზიდველი" ნარკოზი. ფროიდი ამბობს, რომ ეს არის იმ ტიპის მსუბუქი ნარკოზი, რომელიც მხოლოდ წუთიერად სწყვეტს ადამიანს დამთრგუნველი სინამდვილისაგან, ტანჯვისაგან. თუ, როგორც ფროიდი ამბობს, სიცოცხლის საზრისი ბედნიერებაშია, მაშინ ხელოვნება, როგორც ერთ–ერთი წესი ტანჯვისაგან გათავისუფლებისა, მხოლოდ ილუზიაა ბედნიერების.



ხელოვნებაზე მსჯელობის ასეთ ლოგიკას ფროიდი მიჰყავს იმის აუცილებლობამდე, რომ გაარკვიოს მხატვრული შემოქმედების სტიმულები. მათ იგი ხედავს „დაუკმაყოფილებელი სურვილების" აღსრულებაში. აქ იგულისხმება ორგვარი სურვილები:

  • პატივმოყვარული სურვილები

  • ეროტიული სურვილები.

სხავ სიტყვებით რომ ვთქვათ ხელოვნების მსახურების გზაზე ადამიანს აყენებს სიმდიდრის, განდიდების, სიყვარულის წყურვილი. სწორედ ეს სტიმულები ააქტიურებენ ხელოვანის ფანტაზიას, რომლის ამოცანაა შექმნას „ხელოვნური სამყარო", „სიზმარი ფხიზლად", ააგოს ჰაეროვანი ციხე–სიმაგრე. ფროიდი პარალელს ავლებს ხელოვანსა და მოთამაშე ბავშვს შორის, და თვლის, რომ პოეტი იმასვე აკეთებს, რასაც მოთამაშე ბავშვი: ის ქმნის სამყაროს რომელსაც უაღრესად სერიოზულად ეკიდება, სდებს რა მასში უდიდეს გატაცებას, ამავე დროს მკაფიოდ გამოყოფს მას სინამდვილისაგან. ფროიდი თვლის რომ ხელოვნება მხოლოდ ბავშვური მიამიტური სერიოზულობაა, გატაცებაა. იგი შორსაა იდეათა სამყაროსაგან და მოითხოვს გონიერ „მოზრდილთაგან" შემწყნარებლურ მოპყრობას საყვარელი „ბავშვის" გამოხტომებისადმი. მაგრამ ყველა ბავშვი ბოლო–ბოლო იზრდება და თანდათან ეჩვევა აღიქვას ცხოვრება ისე, როგორიც ის არის. ასე ჩნდება ზღუდე თამაშსა და სინამდვილეს შორის. მაგარამ ყოველ ადამიანს აქვს უნარი გაიხსენოს წარსული..მოზრდილი ადამიანი ძალიან ხშირად ცდილობს დაიბრუნოს ბავშვობის დროინდელი „უმაღლესი ტკბობა". ეს სურვილი ადამინს აიძულებს მოძებნოს ადექვატური წესი ძველი ტკბობის წყაროს–თამაშის შესაცვლელად. ამის გამო თამაშის მაგიერ ადამიანს უვითარდება ფანტაზირების უნარი.

ფროიდის აზრით, ფანტაზია ჩნდება დაუკმაყოფილებლობით, ადამიანური უბედურებით. ბედნიერი ადამიანი არასოდეს არ ფანტაზიორობს. ფანტაზიის აღმძვრელი იმპულსებია სურვილები. ეს უკანასკნელები ინდივიდუალური ხასიათისანი არიან, მაგრამ მაინც შესაძლებელია მათი დაყოფა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ორ ჯუფად: პატივმოყვარული და ეროტიული სურვილები. ფანტაზირების პროდუქტები არ არიან უცვლელნი და გაყინულნი. ისინი ცხოვრებისეული მოვლენების ცვლილებებს უთანასწორდებიან და იცვლებიან ცხოვრებისეული ვითარების ყოველი შეცვლისთანავე. ე.ი. ატარებენ ე.წ. „დროის დაღს". ფანტაზირების უნარი განსაზღვრავს ხელოვნების არსებას. „პირველადი და მეორადი" სულიერი პროცესების შესახებ მსჯელობიდან ფროიდი მიდის ფანტაზიის იდეამდე და შემდეგნაირად წარმოიდგენს ხელოვნების შექმნის საფუძველს: „ხელოვანი ეს არის ადამიანი, რომელიც ზურგს აქცევს სინამდვილეს იმიტომ, რომ არ შეუძია შეურიგდეს ლტოლვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას: იგი გასაქანს აძლევს ფანტაზიაში თავის ეგოისტურსა და პატივმოყვარულ ზრახვებს " . ფროიდი თვლის, რომ ხელოვნებაში შესაძლებელია ფანტაზიიდან რეალობისაკენ სვლის გზაც. ეს იმიტომ რომ ტალანტის წყალობით ხელოვანი ფანტაზიის სახეებს გარდაქმნის ახალი სახის სინამდვილედ. ხელოვანის მიერ შექმნილი სინამდვილე კაცობრიობის მიერ აღიქმება, როგორც რეალობის ღირებულ ასახვად, რის გამოც ხელოვანი განსაკუთრებულ არსებად იქცევა. „ის ნამდვილად გადაიქცევა გმირად, მეფედ, შემოქმედად, საყვარელ ადამიანად, ისეთად, როგორადაც მას უნდოდა რომ გადაქცეულიყო..მაგრამ ხელოვანის მიერ შექმნილი სახეების ახალი სამყარო კაცობრიობის მიერ მიიჩნევა მხოლოდ რეალობის ღირებულ ასახვად. ამიტომ ასკვნის ფროიდი, ხელოვნება მოკლებულია მნიშვნელობას, საჭიროებას, სერიოზულობას, ხოლო ხელოვანი – თავისუფალია გარესამყაროს შემეცნების საჭიროებისაგან და მისი გონითი გარდაქმნის საჭიროებისგანაც ."

ფანტაზიაზე აქცენტირებით ფროიდი ლოგიკურად დასრულებულ სახეს აძლევს ხელოვნების, როგორც მსუბუქი ნარკოზის, სინამდვილის სიძნელეებისაგან დროებითი განყენების განხილვას, მაგრამ ეს მსუბუქი ნარკოზი მჭიდროდაა დაკავშირებული ტანჯვასთან, ბედნიერების ამ დროულ ანტიპოდთან .. ამიტომ მასში როგორც ტანჯვის მოხსნაში ყველაფერი უნდა გადავიდეს სინამდვილიდან, რაც ამ რთულ ადამიანურ განცდასთანაა კავშირში სწორედ ამის გამო არის, რომ ტანჯვის სხვადასხვა მოდიფიკაციები–მარტოობა, სევდა, სიკვდილიდ წინაშე შიში – იქცევიან ხელოვნების თემებად, მის შინაარსობრივ ტექსტად და ფსიქოლოგიურ ქვეტექსტად. ხელოვნება აადვილებს ფსიქიკური წონასწორობის დამყარებას, მაგრამ მისი ზემოქმედება არაა იმდენად ძლიერი, რომ ადამიანს ცხოვრებაში დაავიწყოს მისი ნამდვილი უბედურება.

ხელოვნება, როგორც მსუბუქი ნარკოზი ადუნებს, ასუსტებს ადამიანის სულიერ ძალებს. „ჩვენი კულტურა – წერს ფროიდი – ესწრაფვის ვნებათა დათრგუნვას. ყოველი ადამიანი თმობდა თავისი კუთვნილების, თავისი ძალაუფლების, თავისი პიროვნების აგრესიული და შურისმაძიებელი მიდრეკილებების ნაწილს ამ წვლილიდან წარმოიშვა საერთო კულტურის მატერიალური და იდეალურიო საუნჯე. ცალკეულ ინდივიდუმებს ამ უარის თქმას, სასიცოცხლო მოთხოვნილებების გარდა აიძულებდა ეროტიული გრძნობებიც. ეს უარის თქმა კაცობრიობის კულტურული განვითარების პროცესში სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა"

საზოგადოებისა და მისი კულტურის განვითარება, ფროიდის მიხედვით სექსუალური ინსტიქტით არის განპირობებული. ეს ინსტიქტი კულტურულ განვითარებას არაჩვეულებრივად დიდ ძალას ანიჭებს მისი იმგანსაკუთრებული უნარის გამო, რომმას შეუძლია თავისი უშუალო მიზანი შეცვალოს სხვა, არასექსუალური, მაგრამ მსგავსი ფსიქიკური სუბლიმირებად წოდებული უნარით.

პირველ ხანებში ფროიდი სუბლიმაციას განმარტავდა, როგორც არაცნობიერი სექსუალური ლტოლვების უბრალო გდართვას უფრო მაღალ მიზნებზე და მხედველობაში არ იღებდა მათს ემოციურ მხარეს, რის გამოც მხედველობის არიდან უშვებდა ხელოვნების გრძნობად–ემოციურ ბუნებას, შემდგომში კი იწყებს იმის გათვალისწინებას როგორც ფაქტისა, რომ არაცნობიერ ლტოლვათა აფექტურობა არსებობას განაგრძობს თვით სუბლიმირებულ ფორმაში, რის გამოც ხელოვნებას აქვს უნარი, რომ ადამიანებს სიამოვნება მიანიჭოს.

ამრიგად ფროიდისათვის ხელოვნება წარმოადგენს მხოლოდ სექსუალური ენერგიის სუბლიმაციას . სუბლიმაციაა ფროიდთან არა მარტო ხელოვნება, არამედ მეცნიერებაც და თვით შრომითი საქმიანობაც. სუბლიმაციის ფუნქცია ადამიანის ცხოვრებაში იმაში მდგომარეობს, რომ საქმიანობის ერთი სფეროდან მეორეში გადართვით ადამიანებს საშუალება ეძლევათ მოადუნონ თავიანთი ფსიქიკური დაძაბულობა და ამით თავიდან აიცილონ ნევროზი

ანიჭებს რა სუბლიმაციას გადამწყვეტ როლს ადამიანის, როგორც მხატვრულ–შემოქმედებითს საქმიანობაში, ასევე გონითი საქმიანობის სხვა სფეროებში, ღიად ტოვებს საკითხს იმის თაობაზე, თუ რა პირობებში გადაირთვებიან არაცნობიერი სექსუალური ლტოლვები ადამიანის საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროებზე.

როცა ეხებიან ფროიდის მხატვრული შემოქმედების თეორიაში სუბლიმაციის როლს, სპეციალისტები არ უარყოფენ იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი ფაქტი ხელოვანთა ცხოვრებიდან სწორედ სუბლიმაციით აიხსნას. მაგალითები მართლაც შეიძლება ბევრი მოვიტანოთ იმის სასარგებლოდ, რომ თავის ნაწარმოებებში გამოხატული ვნებებითა და აფექტებით ხელოვანი გარკვეულწილად თავისუფლდება ფსიქიკური დაძაბულობისაგან იმით, რომ გამოსავალს აძლევს თავის განცდებს. მოჰყავთ ასეთი მაგალითები: გოეთეს სულიერი წონასწორობა, დარღვეული ლუტე ბუფისადმი, აღსდგა მას შემდეგ რაც მან დწერა ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი, რომელშიც ვერტერის სიკვდილით მწერალმა თითქოს საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინა. თომას მანი გადმოგვცემს, რომ შოპენჰაუერის ფილოსოფიამ მასზე იმგვარი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ახლოს იყო თვითმკვლელობასთან, მაგრამ ბედნიერ დამთხვევად თვლის იმას, რომ იმ პერიოდში წერდა ბუდენბროკებს, რომლის დასასრულში მას საშუალება მიეცა გადმოეცა თავისი განცდები და ტომ ბუდენბროკის სიკვდილი აგამოეყენებინა საკუთარი თავის თვითმკვლელობისაგან დახსნის საშუალებად. გმირის სიკვდილმა იგი იხსნა რეალური განსაცდელისაგან.

ხელოვნების საფუძველი სუბლიმაციასთან ერთად, არის სიმბოლიზაციაც. ხელოვანის ბიოგრაფიისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ინტერპრეტაციის საფუძველზე ფროიდი ამტკიცებს, რომ ხელოვნება არის სექსუალურ კომპლექსთა გამოვლენა, რომელშიც „ზე–მეს" (ცენზორის) მიერ დათრგუნული აფექტები სიმბოიზაციის მეშვეობით გამოვლინდებიან. თუკი სუბლიმაციისას თვითონ სექსუალური ლტოლვა შეუცვლელი რჩება და თავისი ენერგიის რეალიზაციას სხვა მოვლენებზე გადართვით ახორციელებს (იმგვარად, რომ თვით ლტოლვის ხასითი არ ირღვევა), სიმბოლიზაციისას თავდაპირველი სექსუალური ლტოლვა მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის, ვინაიდან იგი თვითონ ცდილობს სექსუალურში გამოვლენას, რასაც ხელს უშლიდა „ზე–მეს" დამთრგუნველი ზემოქმედება, როგორც ცენზორისა.

სიმბოლიზაცია, ფროიდის განმარტებით, არის სექსუალურ ლტოლვათა ნიშნების შექმნის პროცესი და დამახასიათებელია მხატვრული შემოქმედებისათვის. სიმბოლიზაცია ხელეწიფება მხოლოდ ხელოვანს, რომელიც არაჩვეულებრივად მგრძნობიარეა თავისი შინაგანი სამყაროს გამოძახილის (ე.ი. არაცნობიერი ლტოლვების) მიმართ და უნარი შესწევს გადააფასოს ამ სამყაროს (არაცნობიერის) მნიშვნელობა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მისცეს თავის მისწრაფებებს და ლტოლვებს საზოგადოებრივად მისაღები ფორმა. ხელოვანის პიროვნების დახასიათება ფროიდის აზრით ცალკე – სპეციალური საქმეა.

ფროიდის ტექსტებიდან


ერთი ილუზიის მომავალი"



მხატვრული ნაწარმოები გვაძლევს ნარცისული თვითდაკმაყოფილების განცდას, როდესაც კულტურის მიღწევები თითოეულ ადამიანს თავის საკუთარ იდეალებს აგონებს. ხელოვნებას აქვს მაკომპენსირებელი ფუნქცია. განსაკუთრებით „მასობრივი ხელოვნება" ავსებს და ალამაზებს თავისი „მიღწევებით" ადამიანის ცხოვრებას და უბიძგებს მათ იმ სამყაროსაკენ, რომელსაც რეალური წარუმატებლობების ანუ ილუზორული წარმატებების სივრცე ჰქვია.

ომებისა და ტოტალიტარული იდეოლოგიების ეპოქაში „დეჰუმანიზაცისა" ადამიანის სულიერი სამყაროს დაცალიერებისას ფროიდი ცდილობს აქცენტი გადაიტანოს ადამიანის შინაგანი სამყაროს მთლიანობაზე. ადამიანის სულიერი გადარჩენისათვის ბრძოლის გზაზე, განსაკუთრებულ როლს ხელოვნებას მიაკუთვნებს. თავისი მოძღვრების განვითარების საწყის ეტაპზე ფროიდი ხელოვანს ბავშვს და ნევროტიკს ადარებს, რომელიც ანალოგიური სიჯიუტით ქმნის მხოლოდ თავისი ფანტაზიებისა და წარმოდგენების სამყაროს...ამ ფანტაზიების მიღმა სხვა სამყარო თითქმის არც არსებობს. ამ ეტაპის შემდგომ ფროიდი ხელოვანს ახასიათებს როგორც ყველაზე უფრო სრულყოფილ ადამიანს,რომელიც ყველაზე უფრო მეტად მიისწრაფვის შინაგანი სამყაროსა და მისი კანონების ყველაზე სრულყოფილი რეალიზაციისაკენ.

ხელოვანი ყველა ადამიანზე უფრო მეტად თავისუფალი ადამიანია, სწორედ ამით მოგვაგონებს ბავშვს. ხელოვანი განსხვავდება სხვა ადამიანებისაგან თავისი შინაგანი მისწრაფებების სიძლიერით. ინტენსივობით, ძალით, რაც ზოგჯერ ბავშვურ ჟინიანობას მოგვაგონებს. ხელოვანი ნებისმიერი სხვა ადამიანის მსგავსად განიცდის ფაქტობრივი სამყაროს მხრიდან ზეწოლას, ამიტომ ნევროტიკის მსგავსად მიმართავს ფანტაზიის სამყაროს, ოცნებას რათა იქ მოახდინოს რეალურ ცხოვრებაში დაუკმაყოფილებელი სურვილების რეალიზაცია.

ხელოვნება, როგორც ფროიდი მიიჩნევს აღმოცენდება კაცობრიობის ბავშვობის პერიოდში, როდესაც სიამოვნების პრინციპი ჯერ კიდევ ჩახშობილი არ არის რეალობის პრინციპით.

პირველყოფილი ადამიანის ფსიქიკაში უპირატესობა აქვს შინაგან ფსიქიკურ ორიენტირებს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ „აზრთა ყოვლისშემძლეობის რწმენას", . პრიმიტიულ, პირველყოფილ ადამიანსი ძევს უზარმაზარი რწმენა სურვილების სიძლიერის. ყოველივე, რასაც იგი ქმნის მაგიური ძალით უნდა განხორციელდეს, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მას უნდა.

შემდგომ ფსიქიკის გნვითარებამ, სულიერი და ფიზიკური სამყაროს ზეწოლამ ადამიანში განამტკიცა სულ სხვაგვარი, საპირისპირო პრინციპი – რეალობის პრინციპი. ერთადერთი სფერო, სადაც შენარჩუნდა „აზრთა ყოვლისშემძლეობის" – მაგიური – „მე მსურს" პრინციპი – ეს ხელოვნების სფეროა.

მხოლოდ ხელოვნებასი ხდება სე, რომ რეალობაში სურვილებჩაკლული ადამიანი იქმნის საიმოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილების ილუზიას. თამაშს – მხატვრული ილუზიების მეშვეობით – აღვიძებს აფექტებს იმგვარად თითქოს ისინი რეალურს წარმოადგენდნენ.

ხელოვანი არის განსაკუთრებული პიროვნება, ეპოქის სეისმოგრაფი გარკვეულწილდ, რომლის მგრძნობელობაც საშუალებას აძლევს განსაკუთრებულად მკვეთრად, ზუსტად აღიქვას და განიცადოს კულტურის კონფლიქტები, რასაც, ფროიდის აზრით არცთუიშვიათად მიყავს ნევროზის ან სიგიჟისაკენ. მხატვარი თავსი მაღალგანვითარებული სუბლიმაციის უნარის მეშვეობით მდაბიო მისწრაფებების ენერგიას თითქმის სრულყოფილად გადართავს მხატვრულ საქმიანობაზე და ფანტაზიების მეშვეობით ამყარებს კავშირს რეალურ სამყაროსთან, ამით იგი საშუალებას აძლევს მნახველ აუდიტორიასაც რომ განთავისუფლდნენ შინაგანი დაძაბულობისაგან.

ფროიდის აზრით ხელოვანი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადალახოს უაზრო არსებობის ავტომატიზმი, იგრძნოს და შეამჩნიოს სხვებზე ადრე ეპოქის ემოციონალური კონფლიქტები და ავადმყოფობები. ფროიდისათვის იყო ხელოვანი ნიშნავს იყო მებრძოლი ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებებიათვის. იყო ხელოვანი ნიშნავს იყო „ნონ–კონფორმისტი" განსაკუთრებით დღევანდელ, კონფორმისტულ სივრცეში.





მხატვარი და ფანტაზირების პროცესი" (გვ.129 დან)


ჩვენ, დილეტანტები ყოველთვის მივისწრაფვით გავიგოთ ვინაა და საიდანაა მხატვარი, ეს საოცარი პიროვნება, როგორ შეუძლია მას ჩვენში გამოიწვიოს იმგვარი მღელვარება, რომელიც თითქმის შეუძლებლად მიგვაჩნდა. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი მხატვრის პიროვნების მიმართ მხოლოდ აძლიერებს იმ ფაქტს, რომ არ არსებობს შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მხატვრად გადავიქცეთ. თუ შემთხვევით აღმოვაჩენთ რაიმე ლიტერატურული საქმიანობის მსგავს უნარს ეს მხოლოდ ლიტერატურული ანალიზის განხორციელებაში გვეხმარება. თვითონ ხელოვანებს უყვართ მითითება იმაზე, რომ მათსა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის განსხვავება არ არსებობს, ცდილობენ დაგვარწმუნონ კიდეც, რომ თითოელ ჩვენგანში არის პოეტი და უკანასკნელი პოეტი მოკვდება უკანასკნელი ადამინის სიკვდილთან ერთად. მიუხედავად ამგვარი შეგონებისა ჩვენ პოეტებად მაინც ვერ ვიქეცით.

მხატვრული შემოქმედების პირველი კვალი ჩვენი ბავშვობიდან მოდის. ბავშვისათვის ყველაზე საყვარელი და საინტერესო საქმიანობა თამაშია. თითოეული მოთამაშე ბავშვი პოეტის მსგასად იქცევა და ქმნის საკუთარი იდეების იდეალურ სამყაროს ანუ თავისი სამყაროს საგნები ახალ, მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ წესრიგში მოყავს. ამ შემთხვევაში არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ბავშვი რეალურ სამყაროს არა–სერიოზულად აღიქვამს. პირიქით იგი ძალზე სერიოზულად აღიქვამს რეალობასთან თავის შეთამაშებას და ხარჯავს მასზე ენერგიისა და მისწრაფებების უდიდეს ნაწილს. ბავშვი თავისი თამაშის სამყაროს საკმაოდ კარგად განასხვავებს რეალური სამყაროსაგან და დიდი მონდომებით განამტკიცებს თავისი წარმოსახვით შექმნილ საგნებსა და ობიექტებს.

პოეტი ზუსტად მოთამაშე ბავშვის მსგავსად იქცევა. ბავშვის თამასის ანალოგიურად ქმნის ფანტასტიკურ სამყაროს, რომელსაც იგი ძალიან სერიოზულად აღიქვამს. ხარჯავს უზარმაზარ ენერგიას ამ არა–რეალური სამყაროს შექმნაზე და იმავდროულად საკმაოდ კარგად განასხვავებს მას რეალური სამყაროსაგან. პოეტური ტექნიკის მეშვეობით, ძალიან ბევრ რაიმეს, რომელსაც არ შეეძლო სიამოვნება მოენიჭებინა რეალურ სამყაროში, უზარმაზარ სიამოვნებას გვანიჭებს – ფანტაზირების ამ ჯადოსნურ – პოეტურ სივრცეში.

როდესაც ბავშვი გაიზრდება და შეწყვეტს თამაშს, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის განმალობაში დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისათვის, რომ სათანადო გულისხმიერებითა და სერიოზულობით აღიქვას ცხოვრებისეული რეალიები, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა აღმოჩნდეს იმგვარ სულიერ მდგომარეობაში, როდესაც განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთება ანტაგონიზმი თამაშსა და სინამდვილეს შორის. ამგვარ სიტუაციაში ადამიანი იხსენებს რა საკუთარ ბავშვობას, საკუთარი თამაშის სამყაროს, გარკვეულწილად იმსუბუქებს რეალური ცხოვრების სიმძიმეს და კმყოფილებას იღებს იუმორით, ირონიით.

მოზარდის მიერ თამაშის შეწყვეტა არის უარის თქმა იმ სიამოვნებაზე, რომელსაც თამაშიდან ვიღებთ. ვინც ოდნავ მაინც იცნობს ადამიანის ფსიქიკას, მან კარგად იცის, რომ ადამიანს არაფერი არ უწირს ისე, როგორც ერთხელ უკვე მიღებულ სიამოვნებაზე უარის თქმა. ფროიდის აზრით ჩვენ რეალურად არ შეგვიძლია უარის თქმა სიამოვნებაზე და ფაქტობრივად ერთს მეორეთი ვანაცვლებთ. ის რაც უარყოფილად მიგვაჩნია ტრანსფორმირებული და ჩამოყალიბებულია სუროგატის სახით. ამგვარად მოზარდი, რომელმაც უარი თქვა თამაშზე, უარს ამბობს აგრეთვე რეალობის მისი ცხოვრების საყრდენად გახდომაზე და იწყებს ფანტაზირებას: აშენებს ჰაეროვან სასახლეებს, ქმნის იმას, რასაც პირობითად „სიზმარი ცხადში" შეიძლება ვუწოდოთ. მოზარდის ფანტაზირების პროცესზე დაკვირვება გაცილებით რთულია, ვიდრე ბავშვის თამაშზე. ბავშვი თამაშობს მაშინაც კი როცა არის მარტო ანუ აყალიბებს ფსიქიკურად დახურულ წრეს მოხერხებული თამაშისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ ახდენს ამ თავისი საკუთრივი თამაშის დემონსტრირებას დიდებისათვის, მაინც არასოდეს არაფრის დამალვას არ ცდილობს მათთვის. ბავშვისაგან განსხვავებით, მოზარდს უმეტესად რცხვენია თავისი ფანტაზიების და ყოველთვის ცდილობს მათ დაფარვას, იცავს და უფრთხილდება მათ, როგორც ყველაზე სათუთ და ფაქიზ სულიერ საიდუმლოს. მოზარდი გაცილებით უფრო იოლად გამოტყდება თავის ცუდ საქციელში ვიდრე გაამხელს თავის ოცნებებსა და ფანტაზიებს. თითოეულ მოზარდს ეჩვენება, რომ მხოლოდ ის ქმნის ამ ფანტაზიებს.

ბავშვის თამაშს წარმართავს ერთადერთი სურვილი, რომ იყოს დიდების მსგავსი, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვის აღზრდას. ბავშვი მუდმივად თამაშობს „დიდობანას" და მუდმივად ახდენს იმის იმიტაციას რაც დიდებში ნახა, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივად მას არაფერი არ აქვს დასამალი და მითუმეტეს უფროსების მხრიდან მასთან დაკავშირებით სხვა მოლოდინებიც არ არსებოს. რადიკალურად განსხვავებულია უფროსების მოლოდინი მოზარდების მიმართ. მისგან თამაშსა და ფანტაზიებს ნამდვილად აღარ ელიან, პირიქით მოზარდის მიმართ უკვე ჩნდება სეროზული მოლოდინი რეალურ სამყაროში რეალური მოქმედების. გარდა ამ მოტივაციისა ნებისმიერი ადამიანის ფანტაზიების სამყარო ყოველთვის აერთიანებს იმგვარ ფანტაზიებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დამალო – ეს ძირითადად არის ფანტაზირება „აკრძალულის სივრცეში"...ფანტაზირების პოცესის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა, რომ ბედნიერი ადამიანი არასოდეს ფანტაზიორობს. დაუკმაყოფილებელი სურვილები არის ჩვენი ოცნებების მამოძრავებელი ძალა. ხოლო ცალკე აღებული თითოეული ფანტაზია არის დაუკმაყოფილებელი სურვილების განხორციელება. ფროიდი ამბობს რომ ეს სურვილები ძირითადად ორ ნაწილად იყოფა:

  1. პატივმოყვარული, რომელიც პიროვნების განდიდებას ემსახურება

  2. ეროტიული

ადამიანის ფანტაზირების პროდუქტები გაყინული და სტატიკური არაა – არამედ იცვლებიან ცხოვრებისეული სიტუაციებისა და გარემოებების ცვლილებებთან ერთად, ყველა მათგანს დროის ბეჭედი აზის. ფანტაზიის კავსირი დროსთან ძალიან მნიშვნელოვანია – ადამიანი სწორედ წარმოსახვისა და ფანტაზიის მეშვეობით დაჰქრის დროის სამ განსხვავებულ მომენტში ერთდროულად.


ფსიქიკური მოქმედება იწყება ცოცხალი შთაბეჭდილებებიდან, ამ–წამიერი საბაბიდან, რომელსაც შეუძლია გამოაღვიძოს ადამიანის ერთი რომელიმე მნიშვნელოვანი სურვილთაგანი, სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით წარსულთან დაბრუნების პროცესში, ვუბრუნდებით წარსულის მოგონებებს, ყველაზე ხშირად კი ინფანტილურ განცდებს, რომელშიც ეს სურვილები განხორციელებული იყო. ამის შემდეგ ჩვენ ვქმნით მომავალ სიტუაციას, რომელიც ამ ინფანტილური სურვილების უკვე ამჟამად განხორციელების განცდას ქმნის.


აგვარად ჩვენი „აქ და ამჟამად" ყოფნის სამივე ფრაგმენტს /წარსული, აწმყო და მომავალი/ ფანტაზია ერთი ძაფით კრავს და ამოძრავებს ჩვენს სურვილებს.


მაგრამ მხოლოდ ფანტაზიითა და ოცნებებით შეპყრობა ადამიანს უქმნიან პირობებს ნევროზისა და ფსიქოზისათვის. მეოცნებობა – ყველაზე უახლოეს და განმსაზღვრელ წინაპირობას წარმოადგენს სულიერი ავადმყოფობებისათვის.


ფროიდი ფანტაზიას – „ცხადში სიზმარს" უწოდებს. ჩვენი ღამის სიზმრები კი უმეტესად ჩვენი დაფარული სურვილებია, რომელთა „გახსნათ" სიზმრის ანალიზით არის შესაძლებელი. ფროდი ამბობს რომ სიზმრის აზრი ბოლომდე მაინც აუხსნელეი რჩება, რადგან ღამეც აღმოცენდება ჩვენს ცნობიერში ისეთი სურვილები, რომელიც უნდა დავმალოთ ჩვენი საკუთარი თავისაგანაც კი, ამიტომ ეს სურვილები მაშინვე ქვეცნობიერში გადაინაცვლებენ.

ფროიდი სვამს კითხვას – ამ მსჯელობიდან გამომდინარე შეგვიძლია თუ არა, რომ ხელოვანი გავუთანაბროთ „სიზმრის მხილველს ცხადში" ხოლო მის ქმნილებებს „ცხადში ნანახი სიზმრები" ვუწოდოთ. ამ შემთხვევაში ცხადია თავს იჩენს პირველი განსხვავება, კონკრეტულად ჩვენ ცალკე უნდა გამოვყოთ მხატვრები რომლებიც მასალად იღებენ პირდაპირ გამზადებულ თემებს, ეპოსისა და ტრაგედიის უძველესი შემოქმედნის მსგავსად და მხატვრები რომლებიც თემებს თვითონ ქმნიან. ფროიდი თვლის რომ ჩვენი ყურადღება სწორედ მეორე ტიპის შემოქმედზე უნდა შევაჩეროთ, რომელთა შემოქმედება იპყრობს მკითხველს მაყურებელს და არა მხატვრულ კრიტიკას. მათ ყველას ჰყავთ ერთი გმირი, როლის შეყვარებასაც ჩვენთვის ავტორი ყველანაირად ცდილობს/თუ ერთი თავის დასაწყისში ვხედავთ რომ ეს გმირი სისხლისაგან იცლება, მეორე თავის დასაწყისსი აუცილებლად მას გადარჩენილს ვნახავთ/– ეს არის ერთგვარი ეგოცენტრული თხრობა. ფსიქოლოგიური ხასიათის რომანებში თითქმის შეუძლებელი ავტორის პოვნა ანუ ავტორისა და გმირის განსხვავება, განცალკევება ერთმანეთისაგან, თითქოს ავტორი იმყოფება გმირის სულიერი სამყაროს შიგნით და იქიდან გველაპარაკება.ავტორი ამ რომანში და მის გმირში ახდენს. ამ ტიპის რომანში ავტორი საკუთარი მეს დანაწილებას ახდენს, საკუთარი სულიერი ცხოვრების კონფლიქტური მისწარფებების პერსონიფიცირებას. ეგოცენტრულისგან სრულიად განსხვავებულად გამოიყურება ექსცენტრული ტიპის რომანი სადაც ავტორი დამკვირვებლის პოზიციაში.

მხატვრული ნაწარმოები წარმოადგენს ადამინისათვის საკუთარი წარსულის მოგონების ყველაზე ცოცხალ საბაბს.

ესთეტიკური სიამოვნება, რომელსაც მხატვრული ნაწარმოები გვანიჭებს ატარებს გარკვეული წინასწარი სიამოვნების ხასიათს. მხატვარს, მწერალს შემოქმედს ჩვენ მივყავართ საკუთარი ფანტაზიებითა და ქვეცნობიერში გადაყრილი სურვილებით ტკბობისაკენ ყოველგვარი კომპლექსებისაგან თავისუფალ სიტუაციაში.. ის იმგვარი ტიპის კომფორტია რომელიც ხსნის ცნობიერისა ცენზორისაგან შექმნილ ჩვენს ყოველწუთიერ დაძაბულობას.

ნანახია: 2948 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024
ძებნა საიტზე
Google ძებნა
რეკლამა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 11
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
top.ge
Website builder - uCoz